თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მიგრაციის ზრდის შესაჩერებლად და უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად საჭიროა ზომების მიღება.
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი, აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რას აპროტესტებენ ქართველები საფრანგეთში: ვიდეოკადრები ადგილიდან >>
უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისიის მიგრაციისა და საგარეო საქმეთა დირექტორატის წარმომადგენელს სიმონ მორდუს შეხვდა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მინისტრის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით.
„შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები, ზოგიერთი მათგანი, ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები, საქართველოს პარლამენტი კი განიხილავს კანონს, რომელიც უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს.
წულუკიანის თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.
„ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს დასაქმებას ან თავშესაფრის მოთხოვნას ევროკავშირის ქვეყნებში და ასეთი ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარ მონაპოვარს − უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებთან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.
ქართული პასპორტი გაძლიერდა – რამდენმა ქვეყანამ გახსნა ჩვენთვის კარი ვიზის გარეშე >>
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
2017 წელს, შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, რაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამ დროისათვის ისრაელმა და კიდევ ევროპის 12-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ არსებობს.