ვითარება პანკისში: მესამე სექტორი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას  მოითხოვს

ამ დროისთვის პანკისის ხეობაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა და კავკასიური სახლი პანკისის ხეობაში შექმნილ კრიზისს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება უკვე ორჯერ მოხდა. ხეობაში დამატებითი ძალები შეიყვანეს.

სალომე ზურაბიშვილი: ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს

დამატებითი ძალების შეყვანისას ხეობაში ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე  სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილობრივებმა შსს-ს რამდენიმე მანქანა და სამშენებლო კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი დააზიანეს.

მესამე სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება პანკისში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გადადგომასაც ითხოვენ.

„დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნესინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში“, - აღნიშნულია მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯრიაც გამოეხმაურა და ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდა. სახალხო დამცველი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.

„უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები. მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ! უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა“, - წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა

ამ დროისთვის პანკისის ხეობაში  იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. მისი განცხადებით, ჰესზე ამ ეტაპზე საუბარი მნიშვნელოვანია არაა, რადგან დაზიანებულია ტექნიკა და 15 სამართალდმცველია დაშავებული.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.