პანკისში მიმდინარე მოვლენები თბილისსა და ბათუმში გააპროტესტეს

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის წინ სახელწოდებით – „სოლიდარობა პანკისს“ აქცია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პანკისში მიმდინარე მოვლენები თბილისსა და ბათუმში გააპროტესტეს

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორისაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

თელავის საავადმყოფოში აქციაზე დაშავებული 30 პაციენტი რჩება

აქციის ორგანიზატორი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია.

როგორც აქციაზე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, ხელისუფლება არ ითვალისწინებს ადგილობრივების ინტერესებს.

„ეს არის სოლიდარობის აქცია და ამავდროულად, პროტესტი იმ ქმედებების მიმართ, რომელსაც ხელისუფლება იჩენს პანკისის ხეობის შემთხვევაში, ასევე ენერგორესურსებთან მიმართებაში. ის არ ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, ეკოლოგიურ ინტერესებს. დღეს ამას დაემატა ქმედებები, საპოლიციო ძალის გამოყენება, რამაც მთელი ქვეყანა შეაშფოთა. ვფიქრობ, საკუთარ ხალხს ხელისუფლება ამ ენით,  რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არ უნდა ესაუბრებოდეს“, – განაცხადა მენაბდემ.

მისი თქმით, აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაა.

პანკისში მიმდინარე მოვლენები ბათუმშიც გააპროტესტეს. სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა.

პანკისის ხეობას სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები ტოვებენ

„ის, რაც პანკისში მოხდა მიუღებელია. ძალადობრივი გზით, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოში არ უნდა შენდებოდეს ჰესები. არც ის არის მისაღები, რომ პოლიციელებზე განხორციელდა ძალადობა”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე როინ მალაყმაძემ.

შექმნილი ვითარების გამო დღეს პანკისის ხეობაში ჩავიდნენ  გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები. შინაგან საქმეთა მინისტრმა  აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.