რატომ გადააყენეს გიორგი ქობულია – პრემიერის პირველი განმარტება

საქართველოს პრემიერი მთლიანობაში კმაყოფილია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მუშაობით, თუმცა აღნიშნა, რომ ქობულიას დასახული გეგმების რეალიზაციის კუთხით სისწრაფე არ ჰყოფნიდა.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილება ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობით ახსნა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დავალებები" - რას აპირებს ეკონომიკის ახალი მინისტრი>>>
გუშინ გიორგი ქობულია მინისტრის პოსტზე ნათია თურნავამ შეცვალა, რომელიც მისი მოადგილე იყო.

ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და მეწარმეების ინტერესების გამტარებელი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ნათია ამას წარმატებით გაართმევს თავს. დარწმუნებული ვარ, ნათიას ნამდვილად აქვს სოციალური რეალობის სწორი აღქმა", – განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან მოხსნეს

მისი სიტყვებით, მთავრობას ძალზე ამბიციური გეგმები აქვს.

„დავალებები და ვადები, რაც ნათიას და მის გუნდს ექნება შესასრულებელი, არის ამბიციური და მკაცრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარებით ნათია წარმატებით გაართმევს მას თავს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან ერთად ბახტაძემ ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოღვაწეობა შეაფასა.

„გიორგი ქობულია ძალზე ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსია, მან შეძლო და შეიმუშავა სტრატეგია ყველა ძირითადი ინდუსტრიული მიმართულებით, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ გამოგვადგება", – განაცხადა ბახტაძემ.