მწვრთნელი ზურა მჭედლიძე ჯონ მალკოვიჩთან ერთად სერიალში გადაიღეს

„ახლად გამომცხვარმა" მსახიობმა ზურა მჭედლიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორია ჯუდ ლოუსთან და ჯონ მალკოვიჩთან ერთად ფილმში გადაღება.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ფეხბურთის მწვრთნელი ზურა მჭედლიძე პოპულარული სერიალის „ახალგაზრდა პაპი" (The Young Pope) მეორე სეზონში ითამაშებს. სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ ჯუდ ლოუ და დაიან კიტონი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მწვრთნელი ზურა მჭედლიძე ჯონ მალკოვიჩთან ერთად სერიალში გადაიღეს

„ახალგაზრდა პაპი" იტალიურ-ესპანურ-ფრანგული დრამატული ტელესერიალია. რეჟისორია პაოლო სორენტინო. სერიალის მთავარი გმირია ამერიკელი 47 წლის კარდინალი (ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსი) ლენი ბელარდო, რომელიც რომის პაპების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პაპი ხდება.

ეგვიპტის კინოფესტივალზე გიორგი ბოჭორიშვილი საუკეთესო მსახიობად აღიარეს

ცნობილია, რომ სერიალის მეორე სეზონში ჯონ მალკოვიჩი გამოჩნდება, ქართველი კი მალკოვიჩის გმირის პირადი მცველის როლს შეასრულებს.

ტელეარხმა „იმედი" (Imedi) აჩვენა ექსკლუზიური ვიდეოკადრები ფილმის გადაღების ადგილიდან.

ზურა მჭედლიძე ხუთი წელია, რაც რომში ცხოვრობს. არის უეფას ფეხბურთის სერტიფიცირებული მწვრთნელი. რამდენიმე წელია საფეხბურთო კლუბ „რომას" აკადემიის ფილიალში საბავშვო გუნდს ავარჯიშებს.

მჭედლიძის თქმით, რომი საოცრებების ქვეყანაა. აქ ერთ დღესაც შეიძლება ისეთი საოცრება მოხდეს, რომელზეც ვერც კი იოცნებებდი.

„ერთ დღეს ჩვეულებრივ სტადიონზე მივდივარ, ვამზადებ სტადიონს, ვიწყებთ ვარჯიშს და მოდის ორი ახალგაზრდა ადამიანი კამერებით. მეუბნებიან, თუ შეიძლება სურათი გადაგიღოთო. როგორც ჩანს, ჩემი ვარჯიშის დროს გაიარა ამ სერიალის რეჟისორმა პაოლო სორენტინომ და მას უთქვამს, რომ ჩემთვის გადაეღოთ ფოტო", – აღნიშნა მჭედლიძემ. მისი თქმით, ის დათანხმდა, გარკვეული დროის შემდეგ კი მას დაუკავშირდნენ და კასტინგზე მიიწვიეს.

მერაბ ნინიძე ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს

მჭედლიძემ აღნიშნა, რომ ჯონ მალკოვიჩი მისი საყვარელი მსახიობია და განსაკუთრებით სასიხარულოა მისთვის, რომ ამ ფილმში მისი მცველის როლს თამაშობს.

მჭედლიძეს გადაღებებზე ხანმოკლე, მაგრამ ემოციური საუბარი ჰქონდა ბავშვობის კერპთან. მალკოვიჩმა მას უთხრა, რომ სმენია საქართველოს, მისი კულტურისა და ქართველების შესახებ.

მჭედლიძემ ასევე ისაუბრა მთავარი როლის შემსრულებლის ჯუდ ლოუს შესახებ და აღნიშნა, რომ მოედანზე არ იგრძნობოდა, რომ ის ასეთი დიდი მსახიობია. ის თავისუფალია და ყველასთან შინაურული ურთიერთობა აქვს. ისეთი გრძნობა ჩნდება, თითქოს დიდი ხანია იცნობ. გადაღებების დროს ლოუ ბევრს ხუმრობდა, მალკოვიჩი – ნაკლებს. ჯუდ ლოუ იმდენს აცინებდა ადამიანებს, რომ რეჟისორი ყვიროდა Silenzio („სიჩუმე!“). მალკოვიჩი უფრო სერიოზული და, ამავდროულად, უფრო თბილია მიუხედავად იმისა, რომ კინოში უხეში და მძიმე პერსონაჟების შესრულებით გაითქვა სახელი, აღნიშნა „ახლად გამომცხვარმა" მსახიობმა.

„დიდებული ადგილი": დოლფ ლუნდგრენი საქართველომ აღაფრთოვანა

რეჟისორის შესახებ კი მან აღნიშნა, რომ „სორენტინო ძალიან სერიოზულია. ხანდახან მეგონა, რომ სხვა განზომილებიდანაა". ზოგჯერ ისეთი გამოხედვა აქვს, რომ ვფიქრობ, „ვაიმე, ნეტა რა დავაშავე?!" და ამ დროს მოდის და კომპლიმენტს გეუბნება, აღნიშნავს მჭედლიძე.

მჭედლიძე ვარაუდობს, რომ რეჟისორი მისი ქართული ტიპაჟით დაინტერესდა. მისი მონაწილეობით უკვე გადაღებულია სერიალის სამი სცენა.

„ახალგაზრდა პაპის" მეორე სეზონის პრემიერა 2019 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.