როდიდან აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ტაქსები თბილისში

კალაძემ ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მარჯვენასაჭიანი ტაქსით მომსახურება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„ტაქსების რევოლუცია“ აღარ იქნება - ტაქსის მძღოლებმა მერიასთან მოლაპარაკებები ირჩიეს>>>

თბილისის მერია დათმობაზე ტაქსისტების საპროტესტო აქციის შემდეგ წავიდა. ტაქსის მძღოლებმა „ლეიბორისტული პარტიის" მხარდაჭერით თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსების რეგულაციების ორი წლით გადავადება მოითხოვეს. მათი მოთხოვნაა ნებისმიერი ფერის, აგრეთვე მარჯვენასაჭიანი მანქანებით „ტაქსაობის" ნებართვა, ასევე ტრაფარეტის დადგმის ნებართვა, რათა მგზავრის ქუჩაში აყვანა შეძლონ.

ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა

თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებს ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფი აწარმოებდა. ადრე მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ А კატეგორიის ტაქსებს, რომელთაც დიდი პრივილეგია ექნებათ, საშუალება ექნებათ თეთრად არ გადაღებონ ავტომობილი, საკმარისი იქნება სატრანსპორტო საშუალებაზე თეთრი ფერის ფირის გადაკვრა.

„მათ (ტაქსისტებმა) აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც ჰქონდათ, არ იყო საკმარისი, რათა მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილები და მომხდარიყო მათი ჩანაცვლება. გვთხოვეს, რომ B კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები დაშვებული იყოს. ჩვენ ამაზე დავთანხმდით, მაგრამ გვინდა კონკრეტული დრო განვსაზღვროთ – 2020 წლის ბოლომდე. 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში B კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა", – განაცხადა თბილისის მერმა.

2018 წელს კახა კალაძის ინიციატივით თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული გახდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია. მეორე ეტაპი კი, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება, ითვალისწინებს ტაქსების ორ – A და B კატეგორიებად დაყოფას.

ტაქსის გადაღებვა საჭირო აღარ იქნება – თბილისის მერია ნაწილობრივ დათმობაზე მიდის>>>

რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

ტაქსის გადაღებვა საჭირო აღარ იქნება – თბილისის მერია ნაწილობრივ დათმობაზე მიდის

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

ტაქსისტებს 1 მარტიდან უფასოდ ავტომობილების თეთრად გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები ურიგდებათ. ვაუჩერებს აძლევენ იმ ტაქსისტებს, რომლებმაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მიიღეს და რომელთა ავტომობილებმა ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიარეს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.