თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ამოტრიალებული დამტვრეული ავტომობილები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში შსს-ს სოციალური პროექტის ნაწილია, რომელსაც ეწოდება „მეტი სიცოცხლისთვის", აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას", – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-მ სამშაბათს წარმოადგინა გზებზე არსებული ვითარების ანალიზი, მოქმედებების გეგმა 2019 წლის ბოლომდე, ასევე სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის". ამ კამპანიის ფარგლებში, გარდა ამოტრიალებული ავტომობილებისა, გამოჩნდა ბანერები და ვიდეორგოლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.
ასევე შეიქმნა ვებ-გვერდი formore.life და Facebook-გვერდი.
გარდა ამისა, სამინისტრომ საგზაო შემთხვევების აღრიცხვის სისტემის სრული განახლება დაიწყო.
შსს ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ახლა უკვე ნარკოტიკული თრობის დროს ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია.
საქართველოში 2018 წლიდან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. თუ 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში 170 კამერა ფუნქციონირებდა, ამჟამად მათი რიცხვი 2,6 ათასზე მეტია. კამერები საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევას აფიქსირებს.
გზებზე კონტროლის გაძლიერების მიზნით 2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.
წლის ბოლომდე ასევე გაიზრდება ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს ქალაქებში იმოძრავებენ და დამნაშავეებს გამოავლენენ.
ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ხვალიდან დასჯადი ხდება>>
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს საშუალებას მისცემს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და გადაამოწმოს ისინი.
მხოლოდ 2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა (-11%), ხოლო ბოლო ათი წლის განმავლობაში – 6 ათასზე მეტი.