დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზას საზღვარზე აიღებენ

საქართველოსა და ტაილანდს შორის ტურისტული კავშირების განვითარებას პირდაპირი ავიარეისების არარსებობა უშლის ხელს.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტაილანდში ტურისტული მიზნით წავლენ, დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ, ვიზა იქ ჩასვლის შემდეგ მიიღონ (Visa on Arrival).

საქართველოს მოქალაქეები ტაილანდში ტურისტული მიზნით ყოფნას 15 დღის განმავლობაში შეძლებენ.

ტაილანდი ამარტივებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის>>

დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ორივე ქვეყნის პირებს წინასწარ ვიზის მიღება 14 მარტიდან აღარ სჭირდებათ. შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის 2018 წლის 26 სექტემბერს მოეწერა ხელი.

საქართველოს 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ეწვია ტაილანდის დელეგაცია ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის სასივატ ვონგსინსავატის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.

ტაილანდში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 14 აპრილიდან გამარტივდება

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ტაილანდის საგარეო უწყებებს შორის, რომლის მსვლელობისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობას. ტაილანდის მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ტაილანდის სამეფოში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციას.

მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს განავითარონ ურთიერთობები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

ჯერჯერობით ქართველ ტურისტებს ტაილანდში იშვიათად ნახავთ. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება იმას, რომ ამ ქვეყანას საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება. ვიზის მისაღებად საჭიროა თურქეთში, სომხეთში ან აზერბაიჯანში ჩასვლა.

ტაილანდში 2017 წელს დაახლოებით 1,5 ათასი ქართველი ტურისტი იმყოფებოდა. ტურისტული შვიდდღიანი საგზურის ღირებულება საქართველოდან ტაილანდში 750 დოლარიდან იწყება და 2 ათას დოლარს აღწევს.

დაუვიწყარი ტაილანდი და კიშინოვში გამგზავრებული გოგო, რომელიც ლვოვში აღმოჩნდა>>

საქართველოსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დამყარდა. ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის გააქტიურდა. გაიმართა ორივე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები როგორც ბანგკოკში, ისე თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში.