თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა

მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში იპოვოს უახლეს წერტილში Aicar-ის მანქანა და სასურველი მიმართულებით გადაადგილდეს
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. თბილისში საზიარო ავტომობილის (Car Sharing) პროექტი დღეს მთელი დატვირთვით ამოქმედდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კომპანია „აიქარს“ (Aicar) თბილისში 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტში 3 ათასი  ელექტრომობილი ჩაერთვება.

თბილისში ეკოლოგიის გადასარჩენად გრანდიოზული პროექტის - ეკო-ჰოლდინგის პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის მიხედვით,  თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსდება ელექტრომობილები, რომლის დაქირავება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელსაც მომხმარებელი საკუთარ ტელეფონში გადმოწერს. აპლიკაციის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა, მისი გაღება და დაძვრა.

მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში იპოვოს უახლეს წერტილში Aicar-ის მანქანა და სასურველი მიმართულებით გადაადგილდეს.

ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება. ასევე, სერვისის ფარგლებში, ქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა.

Aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თანხის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც კილომეტრების, ასევე დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება საფასურს, 1 კმ - 45 თეთრი, 1 წუთი კი - 8 თეთრი ეღირება და ფასის დათვლის დროს გამოანგარიშება ორივე კომპონენტის მიხედვით მოხდება.

საქართველოში პირველი ელექტრომობილების გამოშვებას ჩინური კომპანია დაიწყებს

საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს პირველი ეკო მიმართულებით მომუშავე, ინდუსტრიული ჰოლდინგი Aigroup,  რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Aienergy-ი, Aicar-ი Aipower-ი და Aiproduction. ჰოლდინგის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ე. წ. ქარშეარინგის ( Car Sharing) სერვისის დანერგვის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე წლის იანვარში ისაუბრა. როგორც მან  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისის მერია აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს. მისივე თქმით, აღნიშნული სერვისი დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.