„მთელი ღამე ვტიროდი...“ - კიკაბიძე დანელიას გარდაცვალების შესახებ

ვახტანგ კიკაბიძე გიორგი დანელიასთან ერთ-ერთ ბოლო სატელეფონო საუბარს იხსენებს
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ განაცხადა, რომ ძალიან მძიმედ გადაიტანა თავისი მეგობრის, გამოჩენილი რეჟისორის, გიორგი დანელიას სიკვდილი.

პრემიერ-მინისტრი: დანელიას ფილმები თაობებს აერთიანებს >>

დანელია მოსკოვში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინორეჟისორის მეუღლის თქმით, მას გული გაუჩერდა. დაკრძალვა 9 აპრილს მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე გაიმართება.

„აღარ არის ჩემი საყვარელი ადამიანი, ახლო მეგობარი, შესანიშნავი რეჟისორი, მხატვარი, მწერალი, იშვიათი იუმორის მქონე დიდი ადამიანი“, - საუბრობს კიკაბიძე ვიდეოში, რომელიც Facebook-ზე აიტვირთა.

მან აღნიშნა, რომ ცნობილი არტისტად მხოლოდ დანელიას წყალობით იქცა.

გიორგი დანელიას სევდიანი კომედიები: მეგობრები იხსენებენ

„ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია, მთელი ღამე ვტიროდი ქალივით. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს. არასდროს დამავიწყდება ის, იმიტომ რომ ჩემგან მან შექმნა ისეთი არტისტი, რომელზეც დიდი  არტისტები ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი ჩემი გიაა, აქ ჩემი დამსახურება არ არის“, - განაცხადა კიკაბიძემ.

კიკაბიძისა და დანელიას მეგობრობა თითქმის 45 წელი გრძელდებოდა. და ახლა არტისტი მეგობარზე წარსულ დროში ლაპარაკობს.

მან გაიხსენა ერთ-ერთი სატელეფონო საუბარი ლეგენდარულ რეჟისორთან, რომელიც ორი თვის წინ შედგა.

„დაგვემშვიდობა... და წავიდა“ – რობერტ სტურუა დანელიას ემშვიდობება >>

„მან მითხრა: ბუბა, მეც ძალიან ავად ვიყავი, და როდესაც წავალ - პირველი მე წავალ, იმიტომ რომ შენზე უფროსი ვარ. როდესაც შენი დრო მოვა და შენ გადასახლდები და წმინდა პეტრეს კარიბჭეში შეხვალ, იქ მარჯვენა მხარეს მე დაგელოდები“, - იხსენებს კიკაბიძე.

მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩას შეიძლება გიორგი დანელიას სახელი ეწოდოს

ამაზე არტისტმა უპასუხა: „მე მექნება ორი ანკესი, და მე და შენ ოქროს თევზების დასაჭერად წავალთ. საღამოს მდიდარ სუფრას გავშლით, თევზის დღეს მოვაწყობთ. დავუძახებთ ახლო მეგობრებს, რომლებიც ადრე წავიდნენ და დავლევთ იმათ სადღეგრძელოს, ვინც დარჩა მოსკოვში, თბილისში, რუსეთში, საქართველოში...“.

კიკაბიძეს თევზაობა შემთხვევით არ გაახსენდა. დანელიასთან მუშაობის დროს ისინი ხშირად თევზაობდნენ.

კიკაბიძეს აქვს შესრულებული როლები დანელიას ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა „არ დაიდარდო", „მიმინო". კინორეჟისორის ნამუშევრების სიაშია ასევე  „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი", „იღბლიანი ჯენტლმენები“.