„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერმა ზუგდიდელებს რაიონის მერობის კანდიდატი პირადად გააცნო
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს მერობის საკუთარი კანდიდატი - გეგა შენგელია წარუდგინა.

„თავისუფალი საქართველო" ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს >>

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წელს მმართველი პარტიიდან მერის პოსტზე არჩეული ლაშა გოგია 2018 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გადადგა. ორი თვის შემდეგ ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

შენგელიას წარდგენას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა მთლიანი შემადგენლობით, თუმცა მისი დამფუძნებლისა და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გარდა.

„თქვენივე რჩევითა და რეკომენდაციით „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შევარჩიეთ გეგა შენგელია, ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, შენგელია უნიკალური გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომელსაც რაიონის სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ბახტაძემ აღნიშნა, რომ შენგელიასთვის რაიონის საჭიროებები კარგად არის ცნობილი.

„დაიცავი საქართველო“ ბრძოლას იწყებს - საქართველოს პოლიტიკურ არენაზე კონკურენცია ძლიერდება

ამასთან, ბახტაძემ ზუგდიდელებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის აშენებას შეპირდა.

„დაპირებისამებრ, ზუგდიდის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოვყავით 50 მლნ ლარი. ამასთან ერთად, ზუგდიდში შენდება ახალი ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სანდრა რულოვსმა არჩევნების წინ რეგისტრაციის ადგილი შეიცვალა >>

საქართველოში 19 მაისს გაიმართება რიგგარეშე მერების არჩევნები ხუთ რაიონში – ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზუგდიდში ყველაზე მწვავე ბრძოლა გაიმართება. იქ მერის პოსტზე იბრძოლებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

რულოვსის უკან დგას 12 პარტიის ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედის.