ქართველმა მეცნიერებმა დაღესტანში ნაპოვნი უძველესი ქართული ხელნაწერი გაშიფრეს

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხელნაწერი VI-VII საუკუნეებით თარიღდება და სახარების ფრაგმენტებს მოიცავს
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქართველმა მეცნიერებმა გაშიფრეს უძველესი ქართული ხელნაწერი, რომელიც დაღესტანში აღმოაჩინეს, ნათქვამია კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

საუბარია არაბულ ხელნაწერზე, რომლის ქვედა ფენაში სპეციალისტებმა სახარების ქართული, ასომთავრულით შესრულებული ტექსტი აღმოაჩინეს.

Culture Trip - ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში>>

როგორც ხელნაწერთა ცენტრში აღნიშნავენ, ამ სახარების შესახებ ქართულმა სამეცნიერო წრეებმა 2014 წელს შეიტყო. ამ აღმოჩენის პირველი ფოტოები ქართველ ისტორიკოს თეიმურაზ ჯოჯუას რუსეთიდან მისმა კოლეგა დმიტრი ბელიცკიმ გამოუგზავნა.

ქართული ხელნაწერი სახარება იუნესკოს ნუსხაში შეიტანეს

„ცენტრმა 2014 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები, რათა მეცნიერებს საშუალება ჰქონოდათ ჩასულიყვნენ დაღესტანში და ადგილზე შეესწავლათ ხელნაწერი", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

სამეცნიერო მივლინებაში ქალაქ მახაჩყალაში გაემგზავრა აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი. ქართველმა მეცნიერმა შეისწავლა ხელნაწერი და დაადგინა, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენა ნამდვილად არის სახარება, რომლის დათარიღება VI-VII საუკუნეებით შეიძლება.

ქართველი სპეციალისტების ინფორმაციით, სახარების ფრაგმენტების უმეტესობა მარკოზისა და ლუკას სახარებიდანაა. რაც შეეხება ზედა ფენას, ანუ არაბულ ხელნაწერს, ის ქართულ ხელნაწერზე დაახლოებით XI საუკუნეში გაჩნდა.

„ამ ეტაპზე ხელნაწერის ტექსტი მთლიანად იდენტიფიცირებული და გადმოწერილია. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი მზადდება გამოსაცემად", - აღნიშნავენ ცენტრში.

ქართული დამწერლობის სამი სახეობა - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული 2016 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანეს.