თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს თაღლითური სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი, სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ექსპერტი, ნათქვამია სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სოფელ ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
სარემონტო სამუშაოების დროს უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამშენებლო კომპანიის დირექტორმა დოკუმენტებში ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 37 787 ლარს.
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, რომელიც დაეხმარა სამშენებლო კომპანიის დირექტორს სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლებაში.
სქემა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტმა გასცა ყალბი დასკვნა, თითქოსდა ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ სამუშაოებთან.
სახალხო მკურნალი თბილისში თაღლითობისთვის გაასამართლეს >>
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მერიის თანამშრომელი და სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს, ექსპერტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობა) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.