სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

სუპერმარკეტებსა თუ ბაზრობებზე პროდუქციის შეძენისას ყოველთვის აკვირდებით ეტიკეტს? დამეთანხმებით, რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი და ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც საკვებად ვიყენებთ.
Sputnik

ამ მიმართულებით საქართველოში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა და სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია, რა არის მისი მიზანი და გარკვეული დარღვევების დროს როგორ მოიქცეს მომხმარებელი, ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე გვესაუბრა.

– ამოქმედდა ეტიკეტირების ახალი წესი. რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია და რა ცვლილებები შევიდა ძალაში?

– ახალი რეგულაცია ითვალისწინებს სურსათის შესახებ მომხმარებლისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. მომხმარებელმა უნდა მიიღოს დეტალური ინფორმაცია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული სურსათის შესახებ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. რეგულაცია ვრცელდება სურსათზე, რომელიც წარდგენილია საბოლოო მომხმარებლისთვის, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ დამზადებულ სურსათზე. ახალი რეგულაციები უფრო აკონკრეტებს გარკვეულ მოთხოვნებს, მათ შორის კვებითი ღირებულების ნაწილში. ასევე ეს ეხება ე.წ. შრიფტის ზომას, რათა უკეთესად შეძლოს მომხმარებელმა წაკითხვა. ასევე ეს ეხება ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის, მაგალითად, ალერგენები, რაც წარწერაში უფრო მუქი ფერებით უნდა იყოს გამოყოფილი. ამ დროს შრიფტი სტილით და ფონით უნდა იყოს განსხვავებული. ასე რომ, ამ და სხვა მრავალ ასპექტს ეხება ეს რეგულაცია.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყველა ოპერატორის შესამოწმებლად 20 წელი დასჭირდება

– რა არის რეგულაციის მიზანი?

– რეგულაციის მიზანი არის ორი: ერთი, მომხმარებლების ინტერესების დაცვა, სურსათთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება ეტიკეტის საშუალებით. მეორე გახლავთ შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება, ე.წ. სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკა.

– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა იცოდეს ეტიკეტის კითხვა და გაეცნოს მას?

– ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომ მომხმარებელმა იცოდეს ეტიკეტის კითხვა. პირველ რიგში მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს ეტიკეტი. წაკითხვისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს ვარგისიანობის მინიმალურ ვადას. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს კვებით ღირებულებას, განსაკუთრებით კი ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ენერგეტიკული ღირებულება, შაქრები და მარილის შემცველობა, რომლის რეკომენდებული ნორმები განსაზღვრულია 301-ე დადგენილებაში. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს გამუქებული შრიფტით გამოყოფილ და ხაზგასმულ წარწერებს.

ალერგენებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განსხვავებული ფორმით, რაც განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის მქონე მომხმარებელს სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს. თუ ადამიანს ალერგია აწუხებს, ამ შემთხვევაში აღნიშნული სურსათისგან თავი უნდა შეიკავოს. გარდა ამისა არის კიდევ რამდენიმე  საკითხი, მაგრამ უმთავრესი მაინც ვარგისიანობის ვადებია. 

საქართველოს პრემიერმა ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გახსნა

– სურსათთან დაკავშირებით თუ რამე დარღვევას წააწყდება მომხმარებელი, ამ დროს რა ზომებს უნდა მიმართოს?

– აუცილებლად უნდა დარეკოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“, ნომერზე 15-01. ჩვენი უფლებამოსილი პირები, ინსპექტირების ჯგუფები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს.

– დღეს რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ მიმართულებით?

– სანამ ინფორმაციის მიწოდების შესახებ 301-ე დადგენილება შევიდოდა ძალაში, ჩვენ ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა. ვიყავით საქართველოს ყველა რეგიონში, შევხვდით ბიზნეს-ოპერატორებს და გავაცანით აღნიშნული რეგულაციის მოთხოვნები. გარდა ამისა ყოველდღიურად ქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზეც გაიდლაინი – როგორ უნდა წაიკითხონ ეტიკეტი. ეს არის როგორც ბიზნეს-ოპერატორებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. სხვა ჩვენმა უფლებამოსილმა პირებმაც ასევე გაიარეს ტრენინგები ამ საკითხთან დაკავშირებით.

შენიშვნა: კანონმდებლობის თანახმად, სურსათის ეტიკეტირების წესების დარღვევა 400 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება, ხოლო წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და 1200 ლარს შეადგენს.