თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფით და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
შრომის უსაფრთხოების თემა კვლავ აქტუალური იმის შემდეგ გახდა, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი „ლეჩკომბინატის" შენობის ფუნდამენტის გამაგრების დროს ჩამოიშალა მიწა და ორი მუშა მოიყოლა. დაიღუპა 25 და 40 წლის ორი მამაკაცი. მუშების დაღუპვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ალაპარაკდნენ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე და სასწრაფო ზომების მიღება მოითხოვეს.
„ქვეყანაში, როგორც ასეთი, სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობდა წლების განმავლობაში, აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს, კანონმდებლობა არსებობს. პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს საზრუნავი თითოეული მოქალაქის, მთავრობის წევრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შრომის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დამნაშავეა ის კომპანიები, რომლებმაც შრომის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს.
„წელს ძალაში შევიდა კანონი, როდესაც ნებისმიერი ინდუსტრიის შემოწმება გახდა შესაძლებელი. თუმცა საკუთრივ ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახურის არსებობა. შედეგი ამას ნაკლები ექნება და ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს კომპანიები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ ამას, მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ ნორმების დაცვა არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, სასჯელი გარდაუვალია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან, სამუშაოები შეჩერებულია, მიმდინარეობს სამივე კომპანიის საქმიანობის შესწავლა.
ტრაგედია თბილისში: მაშველებმა მეორე დაღუპული მუშის ცხედარი იპოვეს >>
კომპანიამ „ლეჩკომბინატი №1“ ყოფილი სამკურნალო კომბინატის შენობა 2010 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 7,3 მილიონ დოლარად შეიძინა. 1930-იან წლებში აშენებულმა შენობამ მუშაობა 2000-იან წლებში შეწყვიტა. ახლა ამ ადგილზე ახალი სამკურნალო დაწესებულების აშენება იგეგმება.
ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „ტრანსმშენმა“, რომელიც ყოფილი სამკურნალო კომბინატის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
„ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია „ხიმიჯ სერვის ორი“ ახორციელებდა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაც მას უნდა უზრუნველეყო. დაღუპული მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებული.
ამასობაში პოლიციამ უკვე დაკითხა კომპანია „ხიმიჯ სერვის ორის“ ხელმძღვანელობა, რომელიც აცხადებს, რომ მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
უბედური შემთხვევა ჭიათურაში: საბაგიროს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა >>
შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა ან სხვა მძიმე შედეგის შემთხვევაში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.