თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ნიკოლოზ კოჭლამაზაშვილის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც უნიკალურ არტ-ობიექტებსა და კედლებზე მათ ორეულ-ჩრდილებს ეძღვნება, თბილისის ხელოვნების სასახლეში 1 აპრილს იხსნება.
ექსპონატების უმრავლესობა - მავთულისგან შექმნილი თხელი ქანდაკებებია, რომლებშიც ამოიცნობთ მამაკაცებსა და ქალებს, თავიანთი განწყობებითა და სულიერი მდგომარეობით.
მაყურებელი დაათვალიერებს როგორც თავად არტ-ობიექტებს, ისე მათ ჩრდილის ორეულებს საგამოფენო სივრცის კედლებზე, რომლებიც ორიგინალებთან შედარებით არანაკლებ ინტერესს წარმოადგენს. ეს არის მხატვარ ნიკა კოჭლამაზაშვილის ე.წ. „ჩრდილების თეატრი“.
„კოჭლამაზაშვილი ხელოვნების ნიმუშებს სულ სხვა განწყობითა და მასშტაბით წარმოადგენს. მსგავსი სახის გამოფენა საქართველოში პირველად იმართება და მზის შუქზე გამქრალ სახეებს, აჩრდილად გარდაქმნილ ჩრდილებს ეძღვნება“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
მხატვარი ნიკა კოჭლამაზაშვილი 31 წლის არის. თავისი შემოქმედების პირველი ეტაპი მან მთლიანად ფერწერას მიუძღვნა. მისი როგორც ფერმწერის გამოფენა არაერთხელ გაიმართა საქართველოში. ეს იყო როგორც ჯგუფური, ისე პერსონალური გამოფენები.
ფიროსმანის ტილოებს ტალინი უმასპინძლებს >>
როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, „ჩრდილების თეატრი“ ნიკას შემოქმედების ბოლო პერიოდის მიმართულებაა. ხელოვნების სასახლეში მხატვრის ამ პროექტს „არასტანდარტული“ და „იდუმალებით მოცული“ უწოდეს. ცამეტი ექსპონატის შესაქმნელად ნიკოლოზ კოჭლამაზაშვილმა გამოიყენა სპილენძი, უჟანგავი ფოლადი და გრანიტი.
გამოფენა დამთვალიერებელს 2019 წლის 10 აპრილამდე კარგარეთელის №6-ში უმასპინძლებს.