თბილისი, 24 მარტი - Sputnik. მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი Global Teacher Prize 2019-ზე დუბაიში დღეს, 18:00 საათზე გამოვლინდება, აღნიშნულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვლადიმერ (ლადო) აფხაზავაც მოხვდა. ლადო აფხაზავას გარდა, საუკეთესო ათეულში არიან მასწავლებლები ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ინდოეთიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, აშშ-დან და კენიიდან. The Global Teacher Prize 2019-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.
დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ გამარჯვებულს 1 მლნ დოლარი გადაეცემა.
დუბაიში ფინალურ დაჯილდოებაზე ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც ჩავიდა.
გუშინ Global Teacher Prize 2019-ზე დუბაიში ქართველმა ფინალისტმა „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ.
ვლადიმერ აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა, 1999 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.
„The Global Teacher Prize“ კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.