თბილისი, 21 მარტი - Sputnik. უკრაინამ „შავ სიაში“ შეიტანა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი მირანდა თურმანიძე.
საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე შეძლებენ გამგზავრებას >>
ეს სიახლე მეცნიერი ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს თითქოსდა მეგობარი ქვეყანაში „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდნენ, ძალიან დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაეთანხმა სანქციებს დაახლოებით 300 კომპანიისა და 800-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ, საიდანაც ორი პირი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. სანქციების დაწესების ძირითადი მიზეზი გახდა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში არჩევნების ორგანიზაცია და ხელშეწყობა, ანტიუკრაინული შინაარსის მქონე გამოცემების გავრცელება, ყირიმზე უკანონო სტუმრობა, უკრაინის საკუთრებაში მყოფი სამუზეუმო კოლექციის უკანონო მიღება.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორისთვის, მერაბ ხალვაშისთვის მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღმოჩნდა არა მხოლოდ მოულოდნელი, არამედ გაუგებარი.
„ეს არის აბსურდი, და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი, არ ვიცი. ერთადერთი, რასაც ეს შეიძლება უკავშირდებოდეს, ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 2017 წელს სევასტოპოლში უნდა ჩატარებულიყო. მე მიმიწვიეს როგორც ანტიკურ პერიოდში მომუშავე არქეოლოგი, მაგრამ როდესაც შევიტყვე, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო რუსული ასოციაცია, რომლის ზუსტი დასახელებაც არ მახსოვს, იქ აღარ წავსულვარ და მოხსენებაც არ გამიგზავნია. ალბათ, უსაფრთხოების სამსახურმა კონფერენციაზე მიწვეული სტუმრების სია ნახა“, - უამბო ხალვაშმა „Sputnik-საქართველომ“.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ სევასტოპოლში ნამყოფი არ არის. რექტორმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბათუმის უნივერსიტეტს უკრაინულ უმაღლეს სასწავლებლებთან შესანიშნავი ურთიერთობები აკავშირებს. 28 უკრაინულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც არის გაფორმებული.
„მე რომ უკრაინაში ნამყოფი ვიყო, მაშინ ვიფიქრებდი რამეს, მაგრამ ეს მართლაც აბსურდია. რაღაც სისულელე“, - აღნიშნა ხალვაშმა.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ის, რომ უკრაინაში „შავ სიაში“ შეიტანეს, ჟურნალისტებისგან შეიტყო. თავიდან იფიქრა, რომ ეს ხუმრობაა, მაგრამ შემდეგ გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი სიმართლე იყო.
ხალვაში უკვე ესაუბრა თავის კოლეგა მირანდა თურმანიძეს, რომელსაც ასევე აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.
„ისიც იყო მიწვეული კონფერენციაზე, მაგრამ მოხსენებაც არ გაუგზავნია“, - განმარტა ხალვაშმა.
ხალვაშმა და თურმანიძემ არსებულ სიტუაციაში გარკვევის თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართეს.