თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-თებერვალში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა და 1,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის" მასალებში.
მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 13,2%-ით გაიზარდა და 505 მილიონი დოლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5,2%-ით მეტია.
იმპორტმა 2019 წლის დასაწყისიდან 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ანუ 0,1%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვარ-თებერვალში.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის დასაწყისიდან შეადგინა 730 მლნ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 41,9%-ია.
რას ყიდის საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.
ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 25,2%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების —4,3%-ით, ფეროშენადნობების – 4,7%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 47,8%-ით, სამკურნალო საშუალებების – 66%–ით და სხვ.
რას ყიდულობს საქართველო
საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის პირველ ორ თვეში გაიზარდა 16,6%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 2,8%-ით, მედიკამენტების – 52,3%-ით და სხვ.
ამავე პერიოდში შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 7,1%-ით, მხუბუქი ავტომობილების – 5,7%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2019 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი — წლის პირველ ორ თვეში ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 621,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 35,7%-ს შეადგენს.
საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ ლიდერობს თურქეთი. თურქეთთან ბრუნვამ აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 233,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,4%-ია; სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4,1%-ით შემცირდა.
ჩინეთში ქართული ჩაი, ზეითუნის ზეთი და ვისკი გაიყიდება>>
მეორე ადგილზეა რუსეთი. საგარეო ბრუნვამ რუსეთთან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 203,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,7%-ია, ხოლო ბრუნვის ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით – 2,7%.
მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. საგარეო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან შეადგინა 184,4 მლნ დოლარი, რაც საგარეო ბრუნვის 10,6%-ია, ზრდა – 6,7%.
საქართველო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: ჩინეთი (დაახლოებით 163,4 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 81,7 მლნ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით 86,7 მლნ დოლარი), აშშ (დაახლოებით 81,1 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 65,5 მლნ დოლარი), რუმინეთი (61,1 მლნ დოლარზე მეტი), ბულგარეთი (52,5 მლნ დოლარზე მეტი).
საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2019 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 422,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 6,3%-ით ნაკლებია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 118,2 მლნ დოლარი – 10,7%-ით ნაკლები, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 304,2 მლნ დოლარი – 4,5%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 25,5% შეადგინა.
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები>>
საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ ორ თვეში 627,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,8%-ით მეტია.
გასაღების ბაზარი ფართოვდება
საქართველო და ინდოეთი მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.