„ჩემს დაბადების დღეს გადაწყვიტე წასვლა?“ - რეზო გიგინეიშვილი მარლენ ხუციევს გლოვობს

რეზო გიგინეიშვილმა თავის სახელოვან მასწავლებელს, მარლენ ხუციევს გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი კინორეჟისორის, მარლენ ხუციევის გარდაცვალებას გამოეხმაურა მისი კოლეგა რეზო გიგინეიშვილი - ის კინემატოგრაფისტს ოსტატს უწოდებს.

მარლენ ხუციევი 19 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაიცვალა რეჟისორი მარლენ ხუციევი

„ეს როგორ, ოსტატო? ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო, ჩემო გმირო! ჩემს დაბადების დღეზე გადაწყვიტე წასულიყავი? აბა რა, ჩემს თავზე ვლაპარაკობ... რა თქმა უნდა, ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ვარ... მე ხომ მომენატრები, შენი რჩევა, მაგალითი დამჭირდება! მომენატრება, როგორ კითხულობ პუშკინს, ბარათაშვილს, გალაკტიონს, პასტერნაკს... მე ხომ შენი წყნარი, ძლიერი, ნაზი ხმა დამავიწყდება... ვისთან ერთად აღმოვჩნდები კიდევ მე-19 საუკუნეში, ვისგან გავიგონებ ამდენ საინტერესო, ასე ცხადად აღწერილ ისტორიებს? ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ შენ იქაური ხარ, შენი საყვარელი პუშკინის დროინდელი“, - წერს Instagram-ზე გიგინეიშვილი.

რეჟისორი ხსნის, რატომ მიმართავს ოსტატს „შენობით“.

„არ გეგონოთ, რომ ოსტატს ფამილიარულად „შენობით“ მივმართავ - ჩვენი ურთიერთობები ამას გულისხმობდა, ორივემ ვიცოდით, რომ ქართველები „შენობით“ ყველაზე ახლობელ ადამიანებს მიმართავენ, ეს ასაკზე არ არის დამოკიდებული“, - წერს რეზო.

„ჩემს დაბადების დღეს გადაწყვიტე წასვლა?“ - რეზო გიგინეიშვილი მარლენ ხუციევს გლოვობს

გიგინეიშვილი მარლენ ხუციევთან გატარებულ დღეებს იხსენებს. მაგალითად, როგორ არჩევდა ხუციევი ახალ ტუფლებს „გუმში“ ახალი ფილმის გადაღებების წინ.

„მოიარა ყველა მაღაზია, ეფლირტავა გამყიდველებს, ის იყო ყურადღებიანი როგორც თავის დიდ კინოში, ასევე წვრილმანებში - ტუფლების არჩევის დროსაც. გულისამაჩუყებელი, გულახდილი, ბავშვივით უმწეო“, - წერს რეჟისორი.

ღირსეული და საიმედო კაცი – მარლენ ხუციევი

მარლენ ხუციევი ნებას არ მოგცემდა მესამე კურსამდე კამერა აგეღო ხელში, იხსენებს გიგინეიშვილი. ამბობდა: „იკითხეთ ლიტერატურა, აიღეთ ნაწყვეტი და დადგით მოედანზე“. რეზო უფალს მადლობას უხდის, რომ „მოხვდა დიდ ოსტატთან, რომელმაც ასწავლა, რომ მთავარია - ადამიანები კადრში, ურთიერთობები, ატმოსფერო, შემდეგ კი უკვე კამერა“.

რეზო კიდევ ერთ აღსანიშნავ შემთხვევას იხსენებს. მეორე კურსის ბოლოს, როდესაც მან „ჩვენი დროის გმირი“ დადგა, და, მისი თქმით, საკმაოდ კარგად დადგა, ყველა აქებდა რეზოს. ხუციევის გარდა: მან პროფესიაში სამიანი დაუწერა. შემდეგ, სასწავლო წლის ბოლოს გამართულ ბანკეტზე გიგინეიშვილი და ხუციევი წითელ მშრალ ღვინოს სვამდნენ. გიგინეიშვილი მასზე ძალიან ნაწყენი იყო. დიდმა რეჟისორმა ეს შენიშნა და მისი გაცილება სახლამდე სთხოვა.

„ჩვენ მასთან სახლში ავედით. კარებში მომეხვია, მთხოვა, დამელოდეო... „რეზიკო, აი ვიპოვე... ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფოტოა, აქ ფელინი და მე ვართ, შენ გქონდეს, როგორც კომპენსაცია დაბალი ნიშნისთვის. გამიგე, შენ ჩემსავით ქართველი ხარ და ვიცი, ხუთიანი რომ დამეწერა, შენ შენი ხასიათით მეხუთე კურსამდე არაფერს გააკეთებდი... ისედაც რად გინდა, რომ სხვებს შეშურდეთ?“ და მამასავით, ან უფრო ბაბუასავით მომეხვია და კარს მოეფარა. აი ასე, დაუმშვიდობებლად, უბრალოდ მომეხვია. ახლა ამ ფოტოს ვინახავ“, - იხსენებს რეზო.

რეზო გიგინეიშვილი ასე ასრულებს თავის გამოსათხოვარ წერილს: „მარლენ მარტინოვიჩ, დარწმუნებული ვარ, თქვენ იქ სამოთხეში ხართ... აბა როგორ? აბა ვისთვის არის სამოთხე, თუ თქვენ იქ არ ხართ...“.

მარლენ ხუციევი 1925 წლის 4 ოქტომბერს თბილისში დაიბადა.

იგი, როგორც ბულატ ოკუჯავა, მიქაელ ტარივერდიევი და ალექსანდრე ებანოიძე, თბილისის №43 სკოლაში სწავლობდა.

1952 წელს ხუციევმა დაამთავრა გერასიმოვის სახელობის რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო).

ხუციევი რეჟისორად მუშაობდა ოდესის კინოსტუდიაში, ასევე მაქსიმ გორკისა და „მოსფილმის" კინოსტუდიებში. მის ნამუშევრებს შორისაა „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე", „ივლისის წვიმა", „ორი თედორე" და ა.შ.