საქართველოში 2008 წელს დაღუპულ მოქალაქეთა ნეშტები გადმოასვენეს

2008 წელს ცხინვალის რეგიონში დაღუპული მოქალაქეების ნეშტები ოჯახებს გადაეცემა
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადასცა, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

90-იან წლებში დაღუპული სამხედროების ნეშტები დაკრძალეს >>

2017 წლის ოქტომბერში, სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ განხორციელდა სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია.

აფხაზეთის ომში გაუჩინარებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია

ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.

ამჟამად ნეშტები გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა.

საქართველოს ტერიტორიაზე 1990-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად 2,3 ათასზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 2013 წლიდან დღემდე მოძიებულია 500 ადამიანის ნეშტი, საიდანაც 200 იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.