საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ

მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, არ დახარჯონ ფული ევროკავშირის ქვეყნებში წასვლისთვის იმ იმედით, რომ იქ თავშესაფარს მიიღებენ
Sputnik

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ 17,98 ათასი განცხადება შეიტანეს, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 3% შეადგინეს და ამგვარად, ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენის მსურველთა ათეულში მოხვდნენ. ყველაზე მეტად თავშესაფარს საქართველოდან წასულები ითხოვდნენ საფრანგეთში, გერმანიასა და საბერძნეთში. ასევე დიდი ინტერესი იყო ჩეხეთის, დანიის, ირლანდიისა და ლიხტენშტეინის მიმართ.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნა ფუჭი მცდელობაა, რადგან საქართველო ევროპის ქვეყნების უმეტესის მიერ უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია შეყვანილი. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, რომლებთანაც ვმუშაობთ. საზოგადოებას უნდა მივმართო, რომ ფუჭია ნებისმიერი მათი მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მათი მოთხოვნები ნულამდეა დაყვანილი, ნუ დახარჯავენ სახსრებს, ტყუილად ნუ შეიძენენ ბილეთებს, რადგან ეს მათ დააზიანებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის პარლამენტში.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ იმით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადების განხილვის პროცესი გაჭიანურებულია.

უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

მინისტრის განცხადებით, ისინი მუშაობენ ამ ქვეყნებთან, რათა ეს ვადა შემცირდეს, და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის თავშესაფარს მიიღებს.

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, ამიტომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს არ მიიღებენ, განაცხადა უფრო ადრე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მთავარი გამოწვევაა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ უკანონო მიგრაცია გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ ვრეაგირებთ თავშეფარის მაძიებელთა რაოდენობის ოდნავ მომატებაზეც კი. გარკვეულ ქვეყნებში არის თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის დინამიკა... ჩვენი მხრიდან არის მზაობა, გვქონდეს სწორი სტრატეგია, მათ შორის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელშიც გაწერილია, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები", - აღნიშნა ზალკალიანმა.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ>>

ბოლო მონაცემებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.