პატარა მხატვრის გამოფენა: როცა გარე სამყაროსთან კავშირს ნახატებით ამყარებ

TBC გალერიმ ნიჭიერი პატარა მხატვრის ცოტნე მიქუტიშვილის ნახატების გამოფენას უმასპინძლა
Sputnik

10 წლის ცოტნე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია. შეიძლება ითქვას, ის გარე სამყაროსთან კავშირს საკუთარი ნახატების საშუალებით ამყარებს.

ცოტნეს ოჯახი გამოფენისთვის დიდი ხანის განმავლობაში ემზადებოდა. გამოფენა ფარმაცევტული კომპანია „ალპენ ფარმას“ ორგანიზებით 13 მარტს გაიმართა და მასზე წარმოდგენილი იყო პატარა მხატვრის 30-მდე ნამუშევარი.

პატარა მხატვრის გამოფენა: როცა გარე სამყაროსთან კავშირს ნახატებით ამყარებ

ცოტნემ ხატვა დედის, თეა ზირაქაძის გადაწყვეტილებით სახლში დაიწყო. შემდეგ ხატვის გაკვეთილებს პედაგოგი ცირა აბუაშვილი უტარებდა.

დღეს ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ დროს შესამჩნევ სულიერ გარდასახვას განიცდის და მისი ნახატები საოცარი შინაგანი მუხტითა და ნათელი ფერებით გამოირჩევა.

როგორც ცოტნეს დედამ „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, გამოფენისთვის ძალიან აქტიურად ემზადებოდნენ და დღეს ბედნიერია, რადგან ბევრ გაღიმებულ და კმაყოფილ სახეს ხედავს.

„დიდი ხანი ველოდებოდით ამ დღეს. ვთვლი, რომ დღევანდელი დღე არის ჩვენი ოჯახის ზეიმი. ასეთ პატარა ბავშვს ამდენი მეგობარი, ამდენი გულშემატკივარი რომ ეყოლება, ეს მართლაც დღესასწაულია. დარწმუნებული ვარ ცოტნე ამ გამოფენის შემდეგ უფრო მეტი ძალისხმევით შეუდგება თავის საქმეს და უფრო დიდ სათქმელს იტყვის ცხოვრებაში. თითოეული პოზიტიური დღე, თითოეული თბილი დამოკიდებულება ცვლის ადამიანს. შეხედეთ ამდენ ბედნიერ სახეს, ეს ყველა ცოტნესკენ არის მიმართული. როგორ შეიძლება ამან ცოტნეს ცხოვრება სასიკეთოდ არ შეცვალოს“, - განაცხადა ცოტნეს დედამ.

7 წლის ქართველ მხატვარს საერთაშორისო პრემია გადაეცემა

ცოტნეს ამ გამოფენამდე არა ერთი წარმატება ქონდა. ის 2016 წელს მოსკოვში, სახვით ხელოვნებაში (გრაფიკა) საერთაშორისო პრემიის „ფილანტროპი-2016“-ის სპეციალური პრემიის მფლობელი გახდა. 2018 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტნეს ნახატი „ზამთარი“ შეარჩია საახალწლო მისალოც ბარათად და სწორედ ამ  ნახატით გაფორმებული ბარათებით მიულოცა  პარლამენტის წევრებს ახალი წელი.