ამერიკის სხვადასხვა შტატში არის ადგილები, სადაც მხოლოდ ქართულად და ქართველებისთვის მღერიან. ასე ჩნდება უცხო მიწაზე პატარა ოაზისები ემიგრანტებისთვის. ქართული სიმღერა მათ შორეულ სამყაროში მათთვის ახლობელ და მშობლიურ განცდებს ახსენებს... ამიტომ ეს არ არის მარტო სიმღერა - ეს უცხო მეგაპოლისში სულიერი თავშესაფარია, სივრცე, სადაც მათთვის გასაგებ ამბებს მშობლიურ ენაზე „ყვებიან“...
ფილადელფიაში, რესტორან „Georgian Bakery & Café”-ს სულ ახლახან „ფესვები" დაერქვა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ვაჟთა ტრიო „მეგობრები“, რომელიც უკვე პოპულარულია ქართველ ემიგრანტებს შორის. ამას წინათ, ამერიკაში ჩასულმა კომპოზიტორმა, დათო არჩვაძემ სპეციალურად მათთვის დაწერა სიმღერა „ჩვენ დავბრუნდებით“, რომელიც სიმბოლურად ალბათ ყველა ემიგრანტის მთავარ სათქმელს გამოხატავს. ბიჭების მოსასმენად ქართველები ამერიკის სხვა ქალაქებსა და შტატებიდანაც ჩამოდიან...
-მოდი, ჯერ შევთანხმდეთ, როგორ მოგმართოთ?
- ოფიციალურად მამუკას მეძახიან, მაგრამ აქაური ქართველები შინაურულად ბუსოთი მომმართავენ...
- კეთილი, მეც შინაურულად მოგმართავთ. ბუსო, როგორ მოახერხეთ, რომ თქვენი ტრიოს არსებობის არც ისე დიდი ხნის მანძილზე ფილადელფიაში უკვე კარგად გიცნობენ?
- სამივეს ჩვენი ისტორია გვაქვს იმისი, თუ როგორ მოვედით დღემდე. ჩემი ისტორია ასეთია: ამერიკაში, კერძოდ, ფილადელფიაში, 2003 წლის 15 ნოემბერს ჩამოვედი. მას მერე აქ, ამავე ქალაქში უკვე 15 წელზე მეტი ვიმყოფები. ამ ტრიომდე ამერიკაში მყავდა ბავშვთა ხალხური გუნდი, რომელიც მეგობარ გოგონასთან ერთად ჩამოვაყალიბე. ანსამბლის სახელი იყო „ცისკარი“, ეს გუნდი ფილადელფიაში არსებულ ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაში შეიქმნა. მე იმავე ეკლესიაში ვგალობდი. „ცისკარი“ ეკლესიის სახელით მონაწილეობას იღებდა აქ გამართულ სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტებზე.
- ტრიოს სახელი „მეგობრები“ შემთხვევით არ შეგირჩევიათ...
- ჩვენს ჯგუფს ჰქვია „მეგობრები“ და ცხოვრებაშიც მეგობრები ვართ. ჩემს გარდა ტრიოში არიან გიორგი ჩიხლაძე და გიორგი ხელაძე. გამოვდივართ რესტორანში, რომელსაც სიმბოლური სახელი „ფესვები“ აქვს. კონსერვატორია არც ერთს დაგვიმთავრებია, უბრალოდ, სამივეს ძალიან გვიყვარს სიმღერა და ამასთან თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ნიჭიც გვაქვს. ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო რეპერტუარში გვქონოდა სიმღერა, რომელიც ჩვენი „სავიზიტო ბარათი“ გახდებოდა და რომლითაც მსოფლიოში გაფანტული ყველა ქართველის სათქმელს გამოვხატავდით. ასეთი სიმღერის შექმნის იდეა დიდხანს ღვივდებოდა. ერთხელ, როცა ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, დავით არჩვაძე ამერიკაში იყო ჩამოსული, მასთან მივედით. მან მოგვისმინა და დაუფიქრებლად დაგვთანხმდა. ასე შეიქმნა სპეციალურად „მეგობრებისთვის" საოცარი სიმღერა, რომლის მოსმენა ემოციის გარეშე ყოვლად შეუძლებელია. სიმღერის სახელწოდებაც სიმბოლურია „ჩვენ დავბრუნდებით!"...
- და ალბათ ისიც სიმბოლურია და გასაგები, რომ სიმღერის ტექსტის ავტორმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა...
- დიახ, ტექსტის ავტორმა ინკოგნიტოდ დარჩება ისურვა, ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველას სათქმელია. ამ სიმღერით გამოვხატეთ ახლობლებთან, ოჯახთან, სამშობლოსთან განშორების სევდა და გამოვთქვით უკან დაბრუნების იმედი, რომლის გარეშეც უცხოეთში შეუძლებელია სიცოცხლის გაგრძელება... მართლა ასეა, რადგან ნოდარ დუმბაძის არ იყოს, „სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია".
- ვიცი, რომ სიმღერაზე კლიპიც გადაიღეთ, პრეზენტაცია ამერიკაში შედგება?
- გასულ კვირას მოხდა სიმღერის „ჩვენ დავბრუნდებით" ვიდეო რგოლის გადაღება, რომლის რეჟისორიც, ჩვენი მეგობრის, გოგიტა გოგიძის ვაჟი მიშო გოგიძე გახლავთ. კლიპის პრეზენტაცია გაიმართება 15 მარტს, საღამოს 20 საათზე, ქალაქ ფილადელფიაში, რესტორანში „Georgian Bakery & Café” ანუ „ფესვები". ჯგუფის სახელით მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა, რათა ეს იდეა რეალურად განხორციელებულიყო. განსაკუთრებული მადლობა, ამ პროექტის სპონსორს, ჩვენს მეგობარს და უდიდეს პატრიოტს, ფილადელფიაში არსებული ქართული რესტორნის „ფესვები" (Georgian Bakery &Cafe) მფლობელს, ბატონ თენგიზ ოქროპილაშვილს, მადლობა ულამაზესი სიმღერისთვის კომპოზიტორს, ავტორსა და შემსრულებელს, დავით არჩვაძეს. ასევე, მადლობა ქალბატონ მანანა ელიაშვილს და ნიუ-იორკში არსებული ორი ქართული კულტურის ცენტრის: „Dancing Crane" და "ფესვები" აღსაზრდელებს, უნიჭიერეს რეჟისორსა და მეგობარს, მიშო გოგიძეს. ბოლოს, მადლობა ხმის ჩამწერ სტუდიებს: „Pekestudio”, „Bravo Records” და „Gogita Gogidze Studio”-ს.
- ამ კითხვას ყველა ემიგრანტს ვუსვამ: შორიდან დანახული სამშობლო როგორია?
- შორიდან დანახული სამშობლო ორმაგი დარდი და ორმაგი სიხარულია. მისი ყველა გაჭირვება, ორმაგად გტკივა და მისი ყველა სიხარული, ორმაგად გაბედნიერებს. შორიდან დანახული სამშობლო, დიდი ხნის უნახავი შვილის, ძმის, მამის, დედის უსაშველო მონატრებაა. ახლა მახსენდება ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური ამბავი ცხოვრებაში - ჩემი შვილის დაბადება, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. სასწაულების არ მჯერა, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც სასწაული აღმოჩნდა. ეს გახლდათ ძალიან ამაღელვებელი შეხვედრა ჩემს შვილთან. მეორე შვილის დაბადებასაც დავესწარი, მაგრამ ამჯერად უფრო შემართებით შევხვდი ამ ამბავს, თუმცა ემოციებმა აქაც იჩინა თავი. სულ სამი შვილი მყავს და სამივე ბიჭია. უფროსი, პირველი მეუღლისგან 21 წლისაა და თითქმის თექვსმეტი წელია არ მინახავს. თუმცა მასთან კავშირი და ურთიერთობა რა თქმა უნდა დღემდე მაქვს. წელს იმედია, აუცილებლად ვნახავ და დიდი ხნის მონატრებულს ჩავეხუტები...
იმედი მაქვს და მწამს, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა სამშობლოდან წასული ყველა ქართველი დავბრუნდებით. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ქართველები ხომ ჩვენს მიწაზე მიჯაჭვული ერი ვართ და მის გარეშე დიდხანს ცხოვრება არ შეგვიძლია. აუცილებლად დავბრუნდებით...