თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში განათლების რეფორმის ფარგლებში იწყება გადამზადების ახალი პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს კერძო სექტორთან თანამშრომლობით. ახალი ინიციატივა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააცნო. ბიზნესმენებმა ახალი ინიციატივის მხარდაჭერის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს, რათა ქვეყანაში კვალიფიციური სამუშაო ძალა გაჩნდეს.
გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია 25 მარტს დაიწყება აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში. რეგისტრაცია დაიწყება სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროების პროგრამებით, სადაც 400-ზე მეტი ვაკანტური ადგილია.
ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მეშვეობით საქართველოს ზრდასრული მოქალაქეების განათლების ახალი სისტემა დაინერგება. ამ სისტემის მთავარი მიზანი იქნება მოქალაქეების მომზადება ან გადამზადება მოკლევადიანი პროგრამების საშუალებით.
სამინისტრო აპირებს შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც ქვეყნის მცხოვრებლებს დაეხმარება საჭირო უნარების გაუმჯობესებაში, რათა მათ უმოკლეს ვადებში შეძლონ დასაქმება.
მასწავლებლები განვითარებას ახლებურად შეძლებენ>>
მომზადების ან გადამზადების შედეგად მოქალაქეები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს; კერძო კომპანიები მიიღებენ უფლებას, განახორციელონ მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები; სახელმწიფო დააფინანსებს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც აღიარებული იქნება დასაქმების დიდი პოტენციალის მქონე სფეროებად; პროგრამები პრაქტიკული სწავლების ფორმატში განხორციელდება.
საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხი წელი გაგრძელდება.
განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიული განათლება. რეფორმის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.
საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად მაისიდან დაიწყება.
ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.
სამინისტროს ინფორმაციით, დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.
რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
სკოლის მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებიან>>
პროფესიული განათლების დარგში ყველა ცვლილება კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელდება.