თბილისი, 10 მარტი- Sputnik. მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში -„მუკუზანსა“ და „ქინძმარაულში“ ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება, განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „მუკუზანი“ მდებარეობს გურჯაანის რაიონში, ხოლო „ქინძმარაულის ზონა - ყვარლის რაიონში.
„2019 წელს ორ მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონაში - „ქინძმარაულსა“ და „მუკუზანში“ ყურძნის ჩაბარება, აღრიცხვა და გადამუშავება მოხდება ფერმერის კადასტრის ელექტრონული სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ და არსებული ტრადიცია, სოფლის გამგებლების მიერ ცნობების გაცემა ამ ზონებში აღარ იქნება საჭირო. ანალოგიური სისტემა მუშაობს ევროპის ქვეყნებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ეს სიახლე კიდევ უფრო აამაღლებს ქართული ღვინის საიმედოობასა და რეპუტაციას უცხოეთში.
რთველი 2018: რაჭაში ყურძნის საუკეთესო მოსავალია>>
ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. საქართველომ 2019 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მილიონი ბოთლი ღვინოს ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ორი თვის მონაცემებს 13%-ით აღემატება.