თბილისის ხსნა თუ მძიმე ტვირთი? მალე პარკირება ფასიანი გახდება

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადის დაწესება ქალაქს საცობებისგან განტვირთავს
Sputnik

„არ უშველის!“ - ასე ფიქრობს თბილისელების ნაწილი ქალაქის ცენტრალურ უბნებში ფასიანი საათობრივი პარკირების დაწესების ინიციატივაზე. საზოგადოების მეორე ნაწილი, მათ შორის, ქალაქის თავიც დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი მოსახლეობას უბიძგებს, მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაინაცვლოს. შედეგად, ქალაქის ცენტრი განიტვირთება მანქანებისგან და ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

მხარს უჭერენ თუ არა ინიციატივას თბილისელები?

„მანქანას საკუთარ სახლთან ვერ ვაჩერებ, წარმოგიდგენიათ?“ - შესჩივის „Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტს კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრები ალექსანდრე ნადარეიშვილი.

ამბობს, რომ მთელი ქუჩა გადავსებულია მანქანებით, რომლებსაც ჩამოსულ სტუმრებს სხვადასხვა ტურისთვის სთავაზობენ. ადგილობრივ მცხოვრებთ უწევთ მანქანების საცხოვრებელი სახლებისგან მოშორებით გაჩერება.

მართლაც, კოტე აფხაზის ქუჩაზე თუ გაისეირნებთ, დაინახავთ, რომ გასაჩერებელი ადგილების უმეტესობა ისედაც ვიწრო ქუჩაზე „ტურისტული მანქანებითაა“ დაკავებული. როგორც კი ჰორიზონტზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც იერით უცხოელს წააგავს, მძღოლები ღიმილიანი სახეებით ეგებებიან და სთავაზობენ „იაფ ტურებს საქართველოში“. თუმცა, თუ აგრძნობინებთ, რომ ადგილობრივი ხართ, ღიმილიანი სახე უმალვე მოიღუშება.

რა ეღირება თბილისში საათობრივი პარკირება

„ისინი აქ დგანან საათობით, კვირაობით. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ფასიანი პარკირება დაწესდება, თანაც პირველად - ჩვენს ქუჩაზე. მანქანებს ამდენი ხნით აღარ გააჩერებენ“, - ამბობს ალექსანდრე.

მძღოლებს მძიმე ტვირთი დააწვებათ, ფიქრობს თბილისის მცხოვრები მიხეილ ცეციაშვილი. ხომ არსებობს დღეები, შემთხვევები, როდესაც ავტომობილი ჰაერივით გჭირდება, თანხა კი საათობრივი პარკირებისთვის ყველას არ აქვს.

„ჩვენი მერი აგიტაციას უწევს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აბა თვითონ სცადოს ამ ტრანსპორტით მგზავრობა! რა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთაც ამ გადასახადის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს?“, - წუხს ხანში შესული მამაკაცი.

გასაკვირი არ არის, რომ ზედმეტი ხარჯი ბევრს არ მოეწონება, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მოსახლეობა დროთა განმავლობაში ამასაც შეეჩვევა, განსაკუთრებით, თუ ინიციატივის მიზანი მიღწეული იქნება.

როგორი ვითარებაა ქუჩებში

პარკირება თბილისში უფასო არც დღესაა. ერთი კვირის პარკირების გადასახადი 4 ლარია, ექვსი თვის - 25 ლარი, ერთი წლის - 50 ლარი. თუმცა ავტომობილების მზარდი რაოდენობის ფონზე დედაქალაქს გასაჩერებელი ადგილები არ ჰყოფნის.

ამიტომ მძღოლები მანქანებს აჩერებენ ყველგან - ტროტუარებზე, პანდუსებზე, ქვეითთა გადასასვლელებზეც კი. ასე რომ, ფეხით მოსიარულეებს ნამდვილად არ ულხინთ - გარდა იმისა, რომ გამონაბოლქვს სუნთქავენ, დაუბრკოლებლად ტროტუარებზეც ვერ მოძრაობენ.

თბილისის ხსნა თუ მძიმე ტვირთი? მალე პარკირება ფასიანი გახდება

ამ ვითარებიდან გამოსავალს თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხედავს - თუ ქალაქის ცენტრში საათობრივი პარკირება დაწესდება, ეს მძღოლებს უბიძგებს, მეტროსა და ავტობუსებში გადაინაცვლონ.

შეღავათები ელექტრომობილებისთვის: თბილისის მერიამ წინადადებები შეიმუშავა

მით უფრო, რომ, კალაძის თქმით, მალე დასრულდება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება. ავტობუსები კომფორტული და ეკოლოგიურად გაცილებით უსაფრთხო იქნება, ვიდრე მოძველებული „ბოგდანები“, რომლებიც ამჟამად მოძრაობენ ქალაქში.

დიდი სამუშაო ჩატარდა მეტროში - უკვე გამოჩნდა ოთხი ახალი შემადგენლობა, წლის ბოლომდე კი დეპო კიდევ რვა მატარებლით შეივსება. შედეგად, შემცირდება ინტერვალები შემადგენლობებს შორის პიკის საათებში და მეტროპოლიტენით მგზავრობას მეტი ადამიანი შეძლებს.

როგორ იმოქმედებს ფასიანი პარკირების მოდელი თბილისში

ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდი ხანია ევროპის არაერთ ქალაქში მოქმედებს.

თბილისში პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციის ან სპეციალური აპარატების მეშვეობით, რომლებსაც ქუჩებში განათავსებენ.

მერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ პარკირების გადასახადიდან ბიუჯეტში შესული მთელი თანხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება

კალაძე განმარტავს, რომ გასაჩერებელი ადგილების საფასურის გადახდა ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ მოუწევთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მათთვის მთელ ქალაქში საგანგებო უფასო ადგილები გამოიყოფა. გარდა ამისა, პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე დღის განმავლობაში ოთხჯერ, 15-15 წუთით, ყველა შეძლებს მანქანის უფასოდ გაჩერებას.

პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადის პროექტი უახლოეს მომავალში განსახილველად და დასამტკიცებლად საკრებულოში გაიგზავნება.

ერთი საათით პარკირება, სულ მცირე, 50 თეთრი ეღირება.

სხვა ქვეყნების გამოცდილება

ევროპასა და აშშ-ში გადასახადი გაცილებით მაღალია და პარკირების დროც შეზღუდულია. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს მცხოვრებთა შემოსავალი ბევრად დაბალია.

ევროპის მასშტაბით პარკირება ყველაზე ძვირი ლონდონშია. ქალაქის ცენტრალურ უბნებში ერთი საათით მანქანის გაჩერება 4,90 ფუნტი-სტერლინგი ღირს. ამასთან, მანქანის გაჩერება, როგორც წესი, მხოლოდ ოთხი საათით შეიძლება. 2017 წლის ივნისიდან ხელისუფლებამ ჰაიდ-პარკის რაიონში 2015 წლამდე გამოშვებული დიზელზე მომუშავე ავტომობილების პარკირების საფასური 7,35 ფუნტამდე გაზარდა.

თბილისი, შესაძლოა, სამშენებლო მტვრისგან გაიწმინდოს

ამსტერდამის ვიწრო ქუჩებზე ძალიან ცოტა მანქანის გასაჩერებელი ადგილია. ამიტომ პარკირება აქ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. დილის 9 საათიდან შუაღამემდე ერთი საათით მანქანის გაჩერება 5 ევრო ჯდება. ამ რაიონში პარკირება ფასიანია კვირაობით და დღესასწაულებზე შუადღიდან მეორე დღის დილის 4 საათამდე. ამასთან, პარკირების ხანგრძლივობა 2 საათს არ აღემატება.

საფრანგეთის დედაქალაქში ორნაირი ტარიფი მოქმედებს. პირველიდან მე-11 ოლქის ჩათვლით ერთსაათიანი პარკირების საფასური 4 ევროა, ხოლო მე-12-დან მე-20 ოლქის ჩათვლით - 2,4 ევრო. პარკირების მაქსიმალური დრო 2 საათია.

შვეიცარიის დედაქალაქის ძველ ნაწილში მანქანის გაჩერება 2,20 ფრანკი ღირს კვირის შვიდივე დღეს, დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე. თანაც, მანქანის გაჩერება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით შესაძლებელია მხოლოდ ერთი საათით, კვირას - 5 საათით.

განსაკუთრებული საათობრივი გადასახადით გამოირჩევა ნიუ-იორკი. პარკირების საფასური აშშ-ის ამ უმსხვილეს ქალაქში, საშუალოდ, 30 დოლარს შეადგენს.