საქართველოში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება

თბილისში ოთხი წლის გოგონას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური სამსახურის მუშაობაში ცვლილებების შეტანის დაჩქარება გადაწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა 244-დან 294-მდე გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების გამო სოციალური მუშაკები სამსახურიდან გაუშვეს>>>

ათი წლის წინ საქართველოში სულ 171 სოციალური მუშაკი იყო.

„ეს დამოკიდებულია არა მარტო კეთილ ნებაზე, ან სამინისტროს შიდა გადაწყვეტილებაზე. თქვენ იცით, რომ ეს კანონის ნაწილია, მათ შორის, ქვეყნის ბიუჯეტის კანონის ნაწილი. უნდა მოხდეს შესაბამისი უზრუნველყოფა, რათა ჩვენ შევძლოთ თანამშრომლებისთვის არა მარტო ხელფასის გაცემა, არამედ შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა", – განაცხადა სერგეენკომ.

რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტები გადეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, ამ დღეებში ამოქმედდება შეთანხმება, რომლის თანახმად, სოციალური მუშაკები შეძლებენ დოკუმენტებზე ელექტრონულ ხელმოწერას. შესაბამისად, რაიონებში დასაქმებულ სოციალური სამსახურის თანამშრომლებს არ მოუწევთ ამის გამო თბილისში ჩასვლა.

ოთხი წლის გარდაცვლილი გოგონას დედას პატიმრობა შეეფარდა

გარდა ამისა, ოფისებში, სადაც სოციალურ მუშაკებს უწევთ მუშაობა, ჩატარდა ინვენტარიზაცია.

„სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. იგი ოთხივე მიმართულებით ტარდება: შრომა, სოციალური სფერო, ჯანდაცვა, დევნილები", – აღნიშნა მინისტრმა.

სერგეენკომ ასევე ისაუბრა სოციალური სამუშაოების პოლიტიკის საბჭო ფორმირების შესახებ, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ სფეროში დასაქმებულთა საჭიროებებს, აღმოუჩენს მათ პროფესიონალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. საბჭოში შევლენ სამინისტროს, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე თავად სოცმუშაკები. საბჭოს თავად მინისტრი უხელმძღვანელებს.

„სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია სოციალური მუშაკებისთვის ოპტიმალური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რათა სრულფასოვნად და უწყვეტ რეჟიმში მოხდეს მთავარი მიზნის შესრულება – ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობა", – განაცხადა სერგეენკომ.

ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილია ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნა, რომლის ერთ-ერთი მიზანი სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა იქნება.

გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი: „რა შემაკავებელი ორდერი, ბავშვს არავინ სცემდა">>>

სოციალური მუშაკების თემა განსაკუთრებით აქტუალური 22 თებერვალს 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ გახდა. მოგვიანებით დააკავეს გოგონას დედა ლეილა ქსოვრელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი 3,5 წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იყო, რადგან დედამ ბავშვის დაბადებისთანავე მიმართა სოციალურ სამსახურს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო გოგონას სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემა ითხოვა. დედას ბავშვი პერიოდულად თავისთან მიჰყავდა.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხი სოციალური მუშაკი გაათავისუფლა. გარდა ამისა, საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

„ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელიც წელს მოხდა და რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, დაგვანახა, რომ ბევრი ცვლილება, რომელიც დაგეგმილი იყო და ჩვენზეა დამოკიდებული, სწრაფად უნდა განხორციელდეს", – აღნიშნა სერგეენკომ.

საქართველოში სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტმა 2019 წელს 35 მლნ ლარს გადააჭარბა, ადრეული განვითარების პროგრამის ბიუჯეტმა კი – 2 მლნ ლარს.