საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე მას შემდეგ გამოკითხა, რაც მან შს მინისტრი გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა.
TBC Bank-ის საქმე - რისთვის დასჭირდა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი >>
ხაზარაძე და TBC Bank-ში მისი ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე 17 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეში ფიგურირებენ. ის, რომ პროკურატურა სწავლობდა 2008 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას, მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა, რასაც საფუძვლად დაუდო 2007-2008 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებული დარღვევები.
ხაზარაძემ კატეგორიულად უარჰყო ფულის გათეთრების ფაქტი და ხელისუფლება მასზე ზეწოლის განხორციელებაში დაადანაშაულა.
მეტიც, ხაზარაძემ ორშაბათს საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა, მან გახარიასგან მიიღო მუქარის წერილი, რომლითაც მინისტრი ბანკირისგან რაღაცას ითხოვდა. ხაზარაძის სიტყვებით, გახარიას მოთხოვნა შეიცავდა მუქარას და არჩევნებს უკავშირდებოდა.
გახარიამ მამუკა ხაზარაძის განცხადებას უპასუხა და ბანკირი ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს აგზავნის წერილებს, რადგან სათქმელს პირდაპირ ეუბნება პირში. მან ასევე განაცხადა, რომ ცალკეული ბიზნესმენები პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდნენ.
სად არის წერილი?
საქართველოს უმსხვილესი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა მაგისტრმა მოსამართლემ ჩაატარა. ბანკირმა წარმოადგინა მხოლოდ წერილის ტექსტი და გამაცხადა, რომ ორიგინალი ლონდონშია.
„აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. მას გააჩნია ვალდებულება, დაასახელოს შუამავლის ვინაობა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო, შუამავალს არ ასახელებს. ეს არის ჩვეულებრივ ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია”, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც პროკურატურა წერილის ორიგინალს მიიღებს, გამოძიება მისი წარმომავლობის დადგენის მიზნით გაგრძელდება. მაშინვე გადაწყდება საკითხი იმის თაობაზე, გახდება თუ არა საჭირო შინაგან საქმეთა მინისტრის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება.
ხაზარაძის თქმით, წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზის ჩასატარებლად გაიგზავნა.
„წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე. ყველაფერი გითხარით. რისი თქმაც არ მინდა, ვერ მათქმევინებთ, დანარჩენზე მიმართეთ პროკურატურას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
TBC და პოლიტიკა
„თიბისი ბანკი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. „თიბისი ბანკის“ საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.
„თიბისი ბანკი“ 1992 წელს დაფუძნდა და ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი ბანკია. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა და მისმა აქციებმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგი გაიარეს.
„თიბისი ბანკის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბანკის აქტივებმა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების საერთო მოცულობის 38,2%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები ქვეყნის საბანკო სისტემის საბანკო კრედიტების საერთო მოცულობის 38,8%-ს და დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2%-ს შეადგენს.