აზიას ევროპასთან საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფანი დააკავშირებს

საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაფართოებას გეგმავს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის  საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ტეოდორ მელეშკანუმ, ელმარ მამედიაროვმა და რაშიდ მერედოვმა. ამით ოთხი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ პოლიტიკური ნება დააფიქსირეს.

პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება >>

„საქართველოს სურს დააჩქაროს რეგიონული თანამშრომლობა და გააფართოოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, რაც შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებში მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს შექმნის“, - აღნიშნა ზალკალიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ზემო ლარსის" ალტერნატივა: ანაკლიის პორტი სომხეთისთვის ახალი პერსპექტივაა

მისი თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და რუმინეთს შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყება დროული ინიციატივაა და ის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას ისახავს მიზნად.

„ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერება. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მთავრობა უკვე შეუდგა მრავალმილიარდიანი პროგრამის განხორციელებას, რომელიც საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (მაგისტრალების, პორტებისა და სარკინიგზო სისტემების) განვითარებასა და მოდერნიზებას ემსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში, გადაზიდული საქონლისა და გენერალური ტვირთების მოცულობის ზრდა კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას გვპირდება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა განახორციელოს რეგიონთაშორისი კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებული და ამბიციური პროექტები.

ანაკლიისკენ მიმავალი გზების მშენებლობის პროექტის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა >>

„ჩვენ ვგეგმავთ ფოთის პორტის მოდერნიზაციას და ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის  განვითარებას PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები მიღების, რეგიონის გავლით ტვირთნაკადების გაზრდისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გამარტივების  მიზნით“, - აღნიშნა ზალკალიანმა. 

მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, განახორციელებს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი ამუშავდა

ორი ზღვის გავლით ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ამ დრომდე არსებულ სატრანსპორტო კვანძში ყველაზე მოკლე და რენტაბელურ მარშრუტს წარმოადგენს. როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.

შავი ზღვა - კასპიის ზღვა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება 2018 წლის ოქტომბერში აშხაბადში ექსპერტთა შეხვედრაზე მოხდა, რომელშიც მონაწილეობა ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.

რუმინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხმხრივი შეხვედრების ახალი ფორმატი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მორიგი მინისტერიალი თურქმენეთში გაიმართება.