თბილისში ელიავას ბაზრობის ნაწილს რეკრეაციულ ზონად გადააქცევენ

თბილისის მერის მოადგილემ ისაუბრა ქალაქის მთავრობის გეგმებზე ელიავას სამშენებლო მასალების ბაზრობასთან დაკავშირებით
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისის მერია ქალაქის ცენტრში მდებარე სამშენებლო მასალების ყველაზე მსხვილი ბაზრობის ნაწილის სარეკრეაციო ზონად გადაქცევას გეგმავს, ხოლო სხვა ნაწილისთვის -საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის მინიჭებას, განუცხადა ჟურნალისტებს მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა: დოკუმენტი მალე დასამტკიცებლად გაიგზავნება >>

ბაზრობის ტერიტორიის განაშენიანება უნდა მოხდეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, ხოლო საცხოვრებელ და საწარმოო ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონა უნდა შეიქმნას.

„ხაზს ვუსვამ, ნებისმიერი ტერიტორიის განაშენიანება ისე უნდა მოხდეს, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია არა ის საქმიანობა, რასაც ისინი ახორციელებენ, არამედ როგორც ხორციელდება ეს საქმიანობა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ამაზე ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

თბილისში ელიავას ბაზრობის ნაწილს რეკრეაციულ ზონად გადააქცევენ

„გარემოს დაბინძურების ფაქტები ამ ტერიტორიაზე ძალიან აშკარაა. საშენი მასალების დასაწყობებისას, გაყიდვა-რეალიზაციისას დამტვერიანების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია. არ შეიძლება, საცხოვრებელ ზონასთან ახლოს იყოს ისეთი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც პირდაპირ საფრთხის შემცველია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის აალებადი მასალის არაკონტროლირებადი ვაჭრობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გარემო და ჯანმრთელობის დაცვა: ხელისუფლება სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

ელიავას ბაზრობა 13,2 ჰექტარის ფართობზე 1995 წელს დაარსდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ელიავას ბაზრობა 15,5 ჰექტრამდე გაიზარდა და სრულიად უსისტემო გახდა. ამასთან საშიში მასალების გამოყენებამ ამ ტერიტორიაზე ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა. გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, დედაქალაქში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ტერიტორიაზეა.

ადრე ბაზრობის ქალაქის შემოგარენში გადატანისა და მის ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობის ინიციატივა გახმოვანდა, მაგრამ ლაბორატორია „მულტიტესტის" სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, რომ გრუნტი გამწვანებისთვის არ გამოდგება.

ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულია 15 ათასამდე როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოვაჭრე. ბაზრობა კი რამდენიმე კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს.