თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა: დოკუმენტი მალე დასამტკიცებლად გაიგზავნება

გამოწერა
კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში გათვალისწინებულია ყველა ხარვეზი და მისი დამტკიცება უკვე შეიძლება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა, დოკუმენტის საკრებულოში გაგზავნა დასამტკიცებლად დღის ბოლომდე იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საკრებულომ გენგეგმის პროექტი მერიას გასულ კვირაში დასამუშავებლად უკან დაუბრუნა. კალაძის განცხადებით, დოკუმენტში ყველა შენიშვნაა გათვალისწინებული.

„დასრულდა დედაქალაქის მერიისა და „სითი ინსტიტუტის" (City Institute) ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება... ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი გამოსწორებულია, შენიშვნები მიღებული და გასწორებულია, და დღეს დოკუმენტს საკრებულოში გადავაგზავნით", – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, გენგეგმა უზრუნველყოფს თბილისის გრძელვადიან, სწორ განვითარებას, ასევე საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ ქალაქის ქაოსური მშენებლობა.

მტკვარი - Sputnik საქართველო
გენგეგმა: მტკვრის გასწვრივ საფეხმავლო და ველობილიკები უნდა მოეწყოს

პროექტზე მუშაობა, რომელიც 2,8 მილიონი ლარი დაჯდა, 2015 წლიდან წარმოებდა. City Institute Georgia-მ თბილისის მერიას სამუშაოს შედეგები 2017 წლის ივნისში წარუდგინა, მაგრამ რადგან მერიას ბევრი შენიშვნა ჰქონდა პროექტთან დაკავშირებით, მისი მიღება გაჭიანურდა. შენიშვნები ეხებოდა ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს.

გენგეგმის პროექტის სრულყოფისთვის, მერის განცხადებით, დიდი მუშაობა გასწიეს.

„ჩვენ ვხედავდით სერიოზულ პრობლემებს თავდაპირველ დოკუმენტში. ძალიან შრომატევადი სამუშაო გავწიეთ City Institute-თან ერთად, ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ინსტიტუტები, ძალიან დაგვეხმარნენ ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები და ერთობლივი ძალისხმევით მივიღეთ ნამდვილად უკეთესი დოკუმენტი", – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი. ის სხვადასხვა საკითხს მოიცავს: განაშენიანების გეგმაზომიერი და სტაბილური განვითარება, ეკონომიკის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური ძეგლების შენარჩუნება და მოვლა.

ყველა ახალი ამბავი
0