თბილისში სამშენებლო მასალების გამოყენების წესები გამკაცრდება

დაწესდება ჯარიმები ასევე ქალაქში ტრანსპორტით მოძრაობაზე სამშენებლო მასალებით დაბინძურებული ძარითა და საბურავებით.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი გახდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა შეიმუშავა. ცვლილებების ინიციირება შემდეგ კვირაში მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვ.) დაისჯება ჯარიმით 500 ლარის ოდენობით ფიზიკური პირისთვის და 1000 ლარის ოდენობით იურიდიული პირისთვის.

ვნებები კოეფიციენტის ირგვლივ: თბილისში მშენებლობის წესები მკაცრდება

იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ამასთანავე დასჯადი გახდება ასევე ამტვერებადი მასალის განთავსება შეფუთვის გარეშე მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში.

აღნიშნულ დარღვევას მოჰყვება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ფიზიკური პირისთვის და 500 ლარის ოდენობით – იურიდიული პირისთვის.

სამართალდარღვევის გამეორების დროს ჯარიმა ფიზიკური პირისთვის გაიზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის – 1000 ლარამდე.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს თბილისში ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებაზე ავტომობილით შესაბამისი გადახურვის გარეშე.

ეს სამართალდარღვევა დაისჯება ფიზიკური პირებისთვის 200 ლარით და იურიდიული პირებისთვის – 500 ლარით. გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის გახდება 500, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 1000 ლარი.

თბილისის მერია: ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

კანონპროექტი ფულად სანქციებს ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი სამშენებლო ტერიტორიაზე განათავსებს ამტვერებად სამშენებლო მასალებს და არ შეფუთავს მას სათანადოდ, ანუ მყარი ნაწილაკები ატმოსფეროში გავრცელდება.

ამისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული – 2000 ლარით; დარღვევის გამეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული – 4000 ლარით.

თუ ადამიანი ჯარიმას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას საურავი დაერიცხება.

კანონპროექტი საკრებულოს ავალდებულებს, 2019 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და რეალიზაციის წესი.

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მომზადების მიზეზი თბილისში ჰაერის დაბინძურების დიდი მასშტაბები გახდა.