თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ ჩავარდა პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ.
პროექტის პარლამენტში წარდგენამდე „პატრიოტებმა“ მოქალაქეების 400 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა ხელისუფლების უზურპირება, საქართველო გადააქცია ციხედ, სისტემატურად დევნიდა ოპონენტებს, სასტიკად უსწორდებოდა საპროტესტო აქციების მონაწილეებს, აკონტროლებდა ყველა დიდ ტელეკომპანიას, უკანონო ართმევდა ქონებას და დაკარგა საქართველოს ტერიტორიები.
„ალიანსმა“ ასევე მოითხოვა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში პასუხისგებაში მისცენ ყოფილი ხელისუფლების მთავარი ფიგურები და ისინი დაისაჯონ იმ დროის რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
ირაკლი კობახიძეს რეზოლუციის პროექტის შინაარსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაუჩნდა.
„ზოგად პათოსს და არა მარტო პათოსს, ზოგად შინაარსს ყველა ვეთანხმებით, ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. შესაბამისად, ეს არის ჩვენი საერთო შეფასება. თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, ის იყო გაუმართავი, დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ურთიერთობის ფორმატს ცვლის>>
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს რეზოლუციის პროექტის სრულყოფის საკითხი და მასში მეტი სიცხადე შეიტანოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატების ნაწილმა, კერძოდ, 45–მ დეპუტატმა რეზოლუციის პროექტს მხარი მაინც დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 16. დოკუმეტის მისაღებად საჭირო იყო მინიმუმ 76 დეპუტატის თანხმობა. კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართა.