ორი ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და შვიდი ვერცხლი: ქართული ღვინის გამარჯვება „საკურას“ კონკურსზე

„ორმაგი ოქროს“ მფლობელები იბრძოლებენ უმაღლესი – „ბრილიანტის“ ჯილდოს მოსაპოვებლად საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. იაპონიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ (The 6rd „Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) ქართულმა სხვადასხვა დასახელების ღვინოებმა 24 უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კონკურსში ქართულმა ღვინოებმა მიიღეს 2 ორმაგი ოქროს, 15 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალი. „ორმაგი ოქროს“ მფლობელები 2019 წლის 5 მარტს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan და იბრძოლებენ უმაღლესი – „ბრილიანტის“ ჯილდოს (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ასეთ პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება გაზრდის ზოგადად ქართული ღვინისა და კონკრეტული კომპანიების პოპულარობას, რაც იაპონიის ღვინის ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

საქართველო მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტიორთა ოცეულში მოხვდა

იაპონია ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც გასულ წელს 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული (37%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს).

იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე გაიმართება მასშტაბური პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ წელს მეექვსედ ჩატარდა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი დასახელების ღვინო. კონკურსის ჟიურის წევრები იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონები – სომელიეები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები არიან.

„საკურას“ კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა 2018 წელსაც გაიმარჯვა (1 – ორმაგი ოქრო, 2 – ოქრო, 4 – ვერცხლი).