რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 1,5 ათასი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1,2 მილიონი ვიდეოჯარიმა გამოწერა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 67%-ით მეტია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს გზებზე 1 441 ვიდეოკამერა დამონტაჟდა>>>

2018 წელს გამოწერილი ვიდეოჯარიმების საერთო თანხამ 42 მილიონი ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა გასული წლის მესამე კვარტალში გამოიწერა. ივლისი-სექტემბრის ჩათვლით შსს-მ 476 138 ვიდეოჯარიმა გამოწერა, რომელთა საერთო თანხამ 16 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საქართველოში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა

ყველაზე ცოტა ვიდეოჯარიმა 2018 წლის პირველ კვარტალში გამოიწერა – იანვარი-მარტის პერიოდში 20 ათასი, რომელთა საერთო ოდენობამ 7 მლნ ლარი შეადგინა.

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საგზაო წესების დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდა. მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.

გარდა ამისა, ივლისიდან შსს-მ აამოქმედა ე.წ. უკონტაქტო პატრულირება, რა დროსაც პოლიცია გზებზე გადაადგილდება ისეთი ავტომობილით, რომელსაც ამოსაცნობი ნიშნები არ გააჩნია, და ავტომობილებს „ფარულად" უთვალთვალებს.

საქართველოში სიჩქარის მზომი კიდევ რამდენიმე რადარი ამოქმედდა >>

2017 წლის ნოემბრიდან ამუშავდა სექციური რადარები და „ჭკვიანი კამერები", რომელთა უპირატესობა ისაა, რომ მათ სამართალდარღვევის განსაზღვრა და ჯარიმის გამოწერა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. ისინი ფუნქციონირებენ ვიდეოანალიტიკური პროგრამის მეშვეობით, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში არსებობს.

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 1,5 ათასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა.