თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და ადვოკატი ნესტან ლონდარიძე გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ზაზა სარალიძის განცხადებით, მან შვილის მკვლელობის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორს საკუთარი პრეტენზიები გააცნო.
„კითხვები დავსვი ყველა საკითხზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რაც ვუთხარი თავად თადუმაძესაც, რომ ის პროკურორები, რომლებიც წარმართავენ ჩემი შვილის საქმეს, ან ჩემს საქმეს, არ აწვდიან სწორ ინფორმაციას. სააპელაციო სასამართლოში რაც მოხდა, ამ საკითხზე დავუსვი კითხვა, მაგრამ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდა. ეს ხდება სწორედ იმ პროკურორებისგან, ვინც თავიდან იყო ჩართული საქმის გაყალბებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით ისევ კონკრეტულად იმ პროკურორების თანდასწრებით, ვინც წარმართავს ჩვენს საქმეებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ შეხვედრის შემდეგ.
ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მათ შეხვედრაზე გამოხატეს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.
„არც ერთი პროკურორი არ გვაყენებს საქმის კურსში. სწორედ ეს დავაფიქსირეთ შალვა თადუმაძესთან. გარკვეული ინფორმაცია მან არ იცოდა და ეს არც დაუმალავს. აღნიშნა, რომ მოიკითხავს ინფორმაციას. შევთანხმდით, სამშაბათს, 12 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გაიმართოს შეხვედრა“, - განაცხადა ადვოკატმა.
გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შესვლამდე, უწყების შენობასთან ინციდენტი მოხდა. ზაზა სარალიძე შენობის ეზოში შევიდა და საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვდა. ზაზა სარალიძეს გენერალური პროკურატურის ტერიტორია დაატოვებინეს და განაცხადეს, რომ პროკურორები მას სამშაბათს შეხვდებოდნენ.
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.
ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს ერთ-ერთი მათგანი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე - სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, სარალიძის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის. ამჟამად მკვლელობის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.