თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს.
5 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველად მოეწერა ხელი ოფიციალურ დოკუმენტს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ინვესტირებასთან დაკავშირებით.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ გერმანიისა და ნიდერლანდების სახელმწიფო ბანკების შემოსვლით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და პროექტის მშენებლობის კაპიტალიც სრულად შეივსო. როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმების თანახმად, DEG-სა და FMO-ს წარმომადგენლები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთი ძლიერი ბანკების შემოსვლა ანაკლიის კონსორციუმში. ორივე მათგანი ევროპის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო სწრაფად განავითარებს ანაკლიის პროექტს და ორი დიდი სახელმწიფოს - გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ ჩვენი ქვეყნისადმი მეტ მხარდაჭერას განაპირობებს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
კონსორციუმის ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე მოხდება და ამის შემდეგ პროექტი ფინანსურად დაიხურება.
კონსორციუმის განცხადებით, გერმანიის განვითარების ბანკი (DEG) KfW-ის საბანკო ჯგუფის წევრია. KfW არსებობის 70-წლიან ისტორიას ითვლის და სახელმწიფო თანამშრომლობის პროექტებს ახორციელებს, DEG-ს ამოცანაა მნიშვნელოვან კერძო ბიზნესინიციატივებს შეუწყოს ხელი რეფორმების გამტარებელ ქვეყნებში.
FMO ნიდერლანდების საფინანსო ინსტიტუტია, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს 9,2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პორტფელით. FMO კერძო სექტორის განმავითარებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა მსოფლიოში. ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობის გამო მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, ინვესტირებას სხვა ქვეყნების კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ახდენს და წვლილი შეაქვს შესაბამისი ქვეყნების მდგრადი განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბური პროექტია. მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. გასული წლის მარტის დასაწყისში კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.
მშენებლობის პირველ ეტაპზე დაგეგმილია, რომ აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტეინერების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.
მშენებლობა 52 წელი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.