თბილისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რემონტზე 599 ათასი ლარი გამოიყოფა
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაციის საუკეთესო პროექტზე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისში, შესაძლოა, ახალი საბაგირო გზა გაიხსნას >>

„ეს შენობა-ნაგებობა 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა თბილისში... სასახლე მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, მივიღეთ შენობის რეაბილიტაციისა და მოწესრიგების გადაწყვეტილება. სასახლეს დღეს საუკეთესო ფუნქცია აქვს - ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდხანს მოემსახურება, თუ სათანადოდ ვუპატრონებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სასტუმრო არ იქნება! თბილისის მერიამ თავისას მიაღწია

კონკურსი საუკეთესო პროექტზე 10 თებერვალს დასრულდება.

მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რემონტზე 599 ათას ლარს გამოყოფს.

„ჩვენ პროექტებს ეტაპობრივად მივიღებთ, რომ 2019 წელსვე დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. პირველი აქცენტი იქნება ფასადის აღდგენაზე და შემდეგ, შიგნითაც მასშტაბური სამუშაო იქნება ჩასატარებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. რამდენიმე ათობითი წელი სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და არაფორმალური განათლების ლიდერს წარმოადგენს. დღეისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 6-დან 26 წლამდე ასაკის 4500 მოსწავლეა დარეგისტრირებული .