თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბავშვის უფლებების კოდექსის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) იმუშავეს.
„საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის და უფლებათა რეალიზაციის დახვეწილი მექანიზმების არარსებობის კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ძალადობის მასშტაბები არის საკმაოდ შემაშფოთებელი ბავშვთა მიმართ, ბავშვთა შორის ძალადობის კუთხით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაბამის ჩარევას", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალი კოდექსის შემუშავების მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვის ერთიანი სტრატეგიის შექმნაა.
„ჩვენი ამოცანაა – შევქმნათ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ისეთი ერთიანი სტანდარტი, რომელიც გახდება ბავშვის მხარდაჭერის და ოჯახისთვის საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა ბავშვებისა და მოზარდების დასაქმების მნიშვნელობაზე, რათა მათ არ ჰქონდეთ მიდრეკილება ნარკოდამოკიდებულებისადმი, აზარტული თამაშებისადმი და ა.შ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავიანთი ენერგია მიმართონ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, განათლებაზე და ისეთი ტიპის საქმიანობაზე, რომელიც მომავალში მათი წარმატების წინაპირობა იქნება", – განაცხადა კილაძემ.
ბავშვის უფლებების კოდექსი პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიის მუშაობის პერიოდში შევა. ბავშვთა უფლებების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავება გაეროს ერთ-ერთი რეკომენდაციაც იყო.