„Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტმა ყურადღებით შეისწავლა ეს პლატფორმა და ის იდეები, რომლებსაც თბილისელები ქალაქის განვითარების მიზნით სთავაზობენ. საუბარია სკვერებისა და პარკების მოწყობაზე, ძველი სახლებისა და შენობების რემონტზე. თუმცა ჩვენ ყველაზე უჩვეულო იდეებზე მოგითხრობთ.
თბილისელების ჯანმრთელობისთვის
თბილისელმა ივანე ჯოხაძემ, სავარაუდოდ, „ღორის გრიპთან“ დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ყურადღება ჰიგიენის დაცვაზე გაამახვილა.
„რა გავაკეთოთ, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელი გვიკიდია ძელზე, რომელსაც ათასობით ხელი ეხება, მათ შორის დაინფიცირებულიც? იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ მეტროსა და ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდეს ხელის ანტიბაქტერიული გელის ჩამოსასხმელი აპარატი. ასევე, შესაძლებელია, რიგ ლოკაციებზე დავაყენოთ პირბადის ჩამოსაყრელი აპარატიც. აღნიშნული დადებით გავლენას მოახდენდა ვირუსების გავრცელების პრევენციაზე და, რაც მთავარია, მოქალაქეებს საშუალება ექნებოდათ ჰიგიენა დაიცვან საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – წერს ივანე ჯოხაძე.
გიორგი ლისოჩენკომ თბილისელების სპორტულ ფორმაზე ზრუნვა გადაწყვიტა და მერს საკმაოდ ორიგინალური იდეა შესთავაზა – მეტროში დამონტაჟდეს სენსორული აპარატები, რომელსაც ადამიანის მოძრაობის აღქმა შეუძლია და მოეწყოს აქცია „ჩაიკუზე 30-ჯერ და მიიღე უფასო მგზავრობა მეტროპოლიტენით“.
„თბილსელფი“, თამარ მეფე და ლეგენდა თბილისზე
ვებ-გვერდზე „შენი იდეა თბილისის მერს“ ძალიან ბევრი იდეაა, რომელიც ტურისტებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის საკმაოდ საინტერესო იქნებოდა. მაგალითად, ზვიად ნოზაძე თბილისის ყველაზე ცნობილ ადგილებში სელფის აპარატების დამონტაჟებას სთავაზობს.
„იდეა ეხება ტურისტულად აქტიურ ადგილებში სტაციონარული ფოტოაპარატების განთავსებას, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის პოპულარიზაციას. მთავარი პირობა უნდა იყოს ის, რომ ფონი, რომელიც გამოჩნდება გადასაღები სუბიექტის უკან, უნდა იყოს ქალაქის პოპულარული ხედი. საინტერესო იქნებოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება ფუნიკულიორზე, საიდანაც იშლება თბილისის შთამბეჭდავი ხედი. აპარატი განთავსებული იქნება სპეციალურ ძელზე დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც გადაიღებს მაღალი ხარისხის სურათებს კარგი განათებით“, – წერს ზვიად ნოზაძე.
თბილისელი შალვა იობაშვილი ქალაქის ცენტრში თბილისის დაარსების ლეგენდის „გაცოცხლებას“ სთავაზობს – შეიქმნას ინსტალაცია მეფე ვახტანგ გორგასლის ლეგენდის მიხედვით.
„ჩემი აზრით, თუ მაღალი ხარისხის შესრულება იქნება, შესაძლებელია, თბილისის სავიზიტო ბარათიც გახდეს“, – დარწმუნებულია შალვა.
გიორგი ხაბეიშვილიც საინტერესო იდეას სთავაზობს – „ქართვლის დედა“ ქართველი მეფეების დროინდელი ეროვნული სამოსით შეიმოსოს.
„ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მარტის თვის დასაწყისში დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით „ქართვლის დედა" დროებით შევმოსოთ ქართული ნაციონალური სამოსით“, – წერს ხაბეიშვილი.
მუსიკალური თბილისი
გიორგი ჭაბაშვილს თბილისელების კულტურულ განვითარებაზე ზრუნვა სურს და „ქუჩის პიანინოების“ დადგმას სთავაზობს.
„მოქალაქეები შეძლებენ თავიანთი ცოდნის და ნიჭის საჯაროდ დემონსტრირებას, ან უბრალოდ განიმტკიცებენ ცოდნას პრაქტიკაში“, – წერს ჭაბაშვილი.
თბილისის მერს საკუთარ იდეებს ახალგაზრდა თბილისელებიც სთავაზობენ. მაგალითად, 13 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილმა საკმაოდ უჩვეულო იდეა წამოაყენა.
„ერთხელ, როდესაც გზაში ვიყავი, ძალზე კარგი აზრი დამებადა. გზებზე და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები, რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ავტომობილი ამ ზოლზე გადადის, იგი გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას და ეს ვიბრაციები მივამსგავსე ნოტებს. შესაბამისად, ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის, სხვადასხვა რაოდენობის, სიმკვრივის ზოლები შევუსაბამოთ ნოტებს. და როდესაც ავტომობილები გაივლიან ამ ზოლებზე გარკვეული სიჩქარით, ზოლები გამოსცემენ მელოდიას“, – წერს 13 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილი.
ალექსანდრე „საგზაო მელოდიის“ სახით „თბილისოს“ მელოდიას სთავაზობს.
„ეს მელოდია სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი იქნება“, – აღნიშნავს მოზარდი.
თუმცა ავტორი არ აკონკრეტებს, როგორ უნდა განხორციელდეს მისი იდეა. ის მხოლოდ აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს მონაწილეობა „ვიბრაციული ზოლების“ მელოდიის არჩევასა და ტესტირებაში.