რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დღესდღეობით 15 სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება არსებობს
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიგეგმა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული საპყრობილეები საერთაშორისო დამნაშავეებს მიიღებენ

უწყების ცნობით, ერთი დაწესებულება 700 მსჯავრდებულზე, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი. პარალელურად მიმდინარეობს დაწესებულებების საპროექტო სამუშაოებიც.

დღევანდელი მდგომარეობით, 120 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილი დასრულებულია (გეოლოგია, კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილები) და ექსპერტიზას გადის. სრული საპროექტო დოკუმენტაცია კი მზად მიმდინარე წლის 10 თებერვლისთვის იქნება, 15 მარტისთვის კი მოცემული დაწესებულების სამშენებლო ტენდერის გამოცხადება იგეგმება.

700 პირზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო სრული დოკუმენტაცია მზად 15 მარტისთვის იქნება. უწყების ცნობით, 15 აპრილისთვის  სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

საქართველოს ციხეებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ტერიტორიის მოსწორების, შემოღობვისა და შესაბამისი სტანდარტით დაწესებულებების პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადად 2019 წლის ივნისი განისაზღვრა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დღესდღეობით  15 სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება არსებობს, მათ შორის, 2 სამკურნალო, 1 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და 1 ქალთა სპეციალური დაწესებულება.