თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. 2018 წელს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კომპანიის განცხადებით, იმ ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელები რაიონების მიხედვით:
1. ჩუღურეთი ნაძალადევი – 15 266
2. სამგორი – 14 657
3. ისანი-ვაზისუბანი – 10 871
4. გლდანი-სანზონა-თემქა – 10 341
5. მთაწმინდა - კრწანისი - 7 573
6. დიღომი-დიდუბე – 5 148
7. საბურთალო - 3 627
8. ნუცუბიძე -1 151
9. ვაკე-წყნეთი – 499
ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი თბილისში კუსტარულად დამონტაჟებული 2 381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენონ აკრძალული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლები და გაზის გამათბობლები, რადგან ამით საფრთხეს უქმნიან თავიანთ სიცოცხლეს, ოჯახსა და კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს.
ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდი დიღმის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. მომდევნო დღეებში ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში ორი მამაკაცი იმსხვერპლა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავსა და გორშიც. რამდენიმე დღის წინ კი ისანში მდებარე ბინაში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, იგეგმება გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერება, კერძოდ, გამკაცრდება მოთხოვნები გაზის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების კვალიფიციური კომპანიების მიერ წარმოების მიმართულებით, ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან და ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.