ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით აეროპორტში 25 წლის ქალი დააკავეს

ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია 31 წლის მამაკაცი

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

„სამართალდამცველებმა დაკავებული ქალისგან 158 შეკვრად დაფასოებული „მეტადონის" და „მეტამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.