ჩინეთში პირველი ქართული ბიზნეს–სახლი გაიხსნა

ამ დროისთვის ბიზნეს–სახლში 20 ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი
Sputnik

თბილისი,  1 თებერვალი – Sputnik. ჩინეთის სიდიდით მესამე ქალაქ გუანჯოუში ქართული ბიზნეს–სახლი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის განცხადებაში.

სავაჭრო–სამრეწველო პალატაში პროექტს „უპრეცედენტო“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ჩინეთში ეს პირველი სავაჭრო სახლია, სადაც ქართულ პროდუქცია ასეთი ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი.

ბიზნეს–სახლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  არჩილ კალანდიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.  

საქართველოში ჩინეთის გამოცდილებას გაეცნენ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლობა ქალაქ გუანჯოუში 2017 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობაა. წარმომადგენლობა ქართველ მეწარმეებს ჩინური ბაზრის შესახებ კონსულტაციებს უწევს და ადგილობრივ ბიზნესთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება. 

პროექტის რეალიზება  პალატის მხარდაჭერით ჩინური ეკომონიკური ინიციატივის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფარგლებში მოხდა.  საქართველოს ბიზნეს-სახლში პირველ ეტაპზე 20  ქართული კომპანიის პროდუქცია გამოიფინა, რომელთა შორისაა  ქართული ღვინო, ჭაჭა, საკონსერვო პროდუქცია, მინერალური წყალი, თაფლი, ზეთისხილის ზეთი, ლიმონათი, საფერავის ჩაი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვ. 

ამასთან, საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლის იანვრიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მოქმედებს.

2018 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 31,8%–ით მეტია 2017 წლის მონაცემებზე. საქართველოს ჩინეთში შეაქვს სამთო მადანი და კონცენტრატები, ჯართი, სპირტიანი სასმელები და  ღვინო. ჩინეთი კი საქართველოს, ძირითადად, ამარაგებს კომპიუტერული ტექნიკით,  რეზინის პნევმატური საბურავებით და ა.შ.