საქართველოს ძიუდოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

გურამ მოდებაძემ ძიუდოს ეროვნულ ნაკრებთან სულ რამდენიმე კვირა იმუშავა.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან კლუბ „შევარდენი 2005"-ის Facebook-გვერდზე დაწერა.

მოდებაძე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დეკემბრის ბოლოს დაინიშნა და გუნდთან სულ თვე-ნახევარი იმუშავა.

„მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა, რომელიც ფედერაციაში შეიქმნა, შესაძლებელია, ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია. მაგრამ დღეს არის ის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

მოდებაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობაზე უარისა, ის მზადაა შევიდეს მწვრთნელთა შტაბში რიგითი მწვრთნელის უფლებებით. ვინ შეცვლის მოდებაძეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს>>

გასული წლის ოქტომბერში ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში – ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი, რომელმაც ამ თანამდებობაზე დავით ქევხიშვილი შეცვალა.