დღგ-ს ზედმეტობას ბიზნესი ავტომატურ რეჟიმში 15 თებერვლიდან დაიბრუნებს

მინისტრის თქმით, სისტემის ტესტირების რეჟიმი დასრულებულია და იანვრის ოპერაციების შედეგად ვისაც წარმოექმნება დღგ-ს ზედმეტობა, 15 თებერვალს თანხას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ბიზნესი დღგ-ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში 15 თებერვლიდან დაიბრუნებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს და მოქმედი სისტემით, მისი ზედმეტობა დღგ-ს გადამხდელ კომპანიას ერთი თვის ვადაში უბრუნდება.

ბაირახტარი: დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება ადრეც ხდებოდა

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2018 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით უპრეცედენტო თანხა - 521 მლნ ლარი დაუბრუნდა ბიზნესს. თუმცა, ეს შედეგი დაიდო, როცა ჯერ კიდევ ე.წ. ხელის რეჟიმში მიმდინარეობდა პროცესი - ანუ მოთხოვნა შემოდიოდა კომპანიებიდან, შემდეგ ამას სამინისტროს უწყებები განიხილავდნენ, ხდებოდა რისკების შეფასება და ა.შ.

„ამჟამად, ჩვენ ყველაფერი გადაგვაქვს ავტომატურ რეჟიმში, სადაც გვჯერა, რომ 90% ყველა მოთხოვნილი თანხისა 24 საათში დაუბრუნდება ბიზნესს. ჩვენ ისე ავაწყვეთ რისკების სისტემა, რომ, პრაქტიკულად, როდესაც მოთხოვნა დაფიქსირდება, იგი მომენტალურად გადის რისკების პროგრამას. პროგრამა დავხვეწეთ ისე, რომ სრულად ვართ დარწმუნებული, 90% თუ არა მეტი კომპანიების გაივლის ამ ბარიერს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

მინისტრის თქმით, სისტემის ტესტირების რეჟიმი დასრულებულია და იანვრის ოპერაციების შედეგად ვისაც წარმოექმნება დღგ-ს ზედმეტობა, 15 თებერვალს თანხას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს.

ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში  5 დღის ვადაში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას.