– რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი, რომ მოზარდი სოციალურ ქსელში ჩაერთოს?
– რთულია განვსაზღვროთ კონკრეტული ასაკი, როდესაც ცალსახად ვიტყოდით, რომ მოზარდისთვის სოციალურ ქსელში ჩართვა მიზანშეწონილი არის ან არ არის. აუცილებელია განვიხილოთ შემდეგი ფაქტორები: რა მიზნით იყენებს მოზარდი სოციალურ ქსელს, დღის განმავლობაში რა პერიოდს უთმობს არა მარტო თვითონ, არამედ მისი სოციალური გარემო, მეგობრები, კლასელები და, ყველაზე მთავარი – ოჯახის წევრები.
UNICEF-ის 2017 წლის შემაჯამებელ ანგარიშში „ბავშვები ციფრულ სამყაროში“ შეგვიძლია გავეცნოთ სტატისტიკას. ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედს შეადგენენ. ხშირად არის აზრთა სხვადასხვაობა – სოციალური ქსელი კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს თუ საფრთხეს? დიახ, ნამდვილად არსებობს სოციალურ ქსელზე, ონლაინ-რეჟიმზე დამოკიდებულების, პირადი ინფორმაციის გავრცელების, კიბერბულინგის რისკები და მრავალი სხვა. უფრო ვრცლად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები: ემოციური მიჯაჭვულობა, რეალური სამყაროდან მოწყვეტა, ფიზიკური აქტივობის შემცირება, პირადი ინფორმაციის უცხო პირებისთვის ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა მოზარდები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას უპირობოდ იღებენ, ემოციების გამოხატვისთვის არჩევენ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლოებს, თვითშეფასება პირდაპირ დაკავშირებული ხდება ე.წ. ფრენდების „ლაიქებზე“.
ამავდროულად არსებობს მეორე, დადებითი მხარე. ხანდახან იმდენად ვკონცენტრირდებით მხოლოდ რისკებზე, გვავიწყდება, რომ სწორი რეკომენდაციებით და განსაზღვრული პერიოდით სოციალური ქსელის გამოყენებას ბენეფიტებიც აქვს. მაგალითად, მოზარდ გოგონას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხანგრძლივი პერიოდით ჰოსპიტალიზებულია კლინიკაში, სოციალური ქსელი ეხმარება კლასელებთან ურთიერთობაში, სასწავლო მასალის მიღებასა და გამოყენებაში. ვფიქრობ, უმჯობესია თითოეულ მოზარდს, ბავშვს მივუდგეთ ინდივიდუალურად და ზედაპირული დასკვნები არ გავაკეთოთ, როდის არის ან არ არის მისთვის მიზანშეწონილი სოციალურ ქსელში ჩართვა. ყველაზე მეტი მაინც იმ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ – რატომ ირჩევენ ბავშვები და მოზარდები ონლაინ-რეჟიმში ცხოვრებას. იქნებ სოციალური ქსელი დანაკლისების კომპენსირების საშუალებაა; იქნებ ონლაინ-რეჟიმში მოზარდი ახერხებს ისეთი იყოს, როგორიც მას სურს, მაგრამ რეალობაში ვერ შეძლო; იქნებ იქ იღებს ისეთ უკუკავშირს და მხარდაჭერას, რომელსაც ვერ იღებს სახლში, სკოლაში? საღამოს, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნის და კონტაქტის ნაცვლად თუ ისევ ონლაინში ყოფნას არჩევს, იქნებ მიზეზებზე ვიფიქროთ, რატომ აკეთებს ასეთ არჩევანს? ხშირად სოციალური ქსელი პრობლემებიდან გაქცევას წარმოადგენს, ვირტუალურ სამყაროში ადგილის დამკვიდრების საშუალებას.
– დღეს რამდენად ხშირად აქვთ არასრულწლოვნებს მოთხოვნა, რომ ჰქონდეთ სოციალური ქსელი და ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა რა შედეგებს იძლევა?
– მშობლის კატეგორიული მიდგომა და ფორმა შვილის სურვილისადმი, რომ ჩართული იყოს სოციალურ ქსელში და რომ ეს არ შეიძლება, არ არის გამოსავალი და არც მისი დაცვის მექანიზმი. პირიქით, შესაძლოა უფრო მეტად გაძლიერდეს სურვილი და მოზარდმა დამოუკიდებლად, მშობლებისგან დამალულად შექმნას პროფილი. ეს უკვე ერთ-ერთი პირველი ბარიერია, რომელიც ამ ორმხრივ ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება და უკვე ქმნის რისკს რომელიმე პრობლემის, სირთულის არგაზიარების ოჯახის წევრებთან. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ კატეგორიული ფორმა და აკრძალვა არ არის მოზარდის დაცვის მექანიზმი. უმჯობესია, მისი სურვილი დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია რისკების, მოსალოდნელი შედეგების და გამოყენების რეკომენდაციების შესახებ.
– თუ ბავშვი ჩართულია სოციალურ ქსელში, როგორ უნდა აკონტროლოს მშობელმა შვილი, რომ საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი?
– დღის განმავლობაში ბავშვს და მოზარდს მშობელთან ერთად უნდა განესაზღვროს კომპიუტერის და სოციალური ქსელის გამოყენების პერიოდი, რომელიც 30-40 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ეს პერიოდი აუცილებლად უნდა იყოს დღის განმავლობაში და არა საღამოს. სოციალური ქსელის პროფილი უნდა იყოს მაქსიმალურად დახურული და დაცული. მოზარდმა აუცილებლად უნდა იცოდეს რას გულისხმობს კიბერბულინგი, როგორ მარტივად შეიძლება მისი პირადი ინფორმაცია გახდეს სრულიად უცხო ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და გამოყენებადი, ასევე მან უნდა იცოდეს კონკრეტულ სიტუაციებში ვის შეიძლება მიმართოს დახმარების თხოვნით.
უკვე ძალიან ბევრი ფატალურად დასრულებული შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც სოციალურ ქსელში მოძალადე მუქარას მიმართავდა მოზარდის მიმართ ფოტოების გასაჯაროების სახით, მოზარდმა ვერ შეძლო დახმარების თხოვნა, პრობლემის გაზიარება თუნდაც ოჯახის წევრებთან და თვითდაზიანებას მიმართა. ანალოგიური შემთხვევები, სამწუხაროდ, ზრდასრულებშიც გვხვდება.
– რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობელმა შვილს, როგორ უნდა მოიპოვოს მისი ნდობა, რომ ბავშვმა თავი დაიცვას ინტერნეტ-თავდასხმისგან?
– აუცილებელია მშობელმა მოზარდს მიაწოდოს ინფორმაცია რისკების შესახებ, რომ მან არ გასცეს პირადი ინფორმაცია უცხო პირებზე, მათ შორის ფოტოები უცხო პირთან ჩატში მიმოწერის დროს. რა მოსალოდნელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თუნდაც ერთ მარტივ ქმედებას და პირადი ინფორმაციის გაზიარებას უცხო ადამიანთან, მუქარის შემთხვევაში როგორ შეიძლება მოიქცეს, ვის მიმართოს, რა ფორმით.
– სოციალური ქსელის არქონა გამორიცხავს სხვადასხვა საფრთხეებს?
– სოციალური ქსელის არქონა არ არის გარანტია იმისა, რომ მოზარდი სხვა სივრცეში არ დადგება ბულინგის რისკის წინაშე. სოციალურ და რეალურ სივრცეშიც არსებული რისკების შემთხვევაში მოზარდი უნდა მოიაზრებდეს მინიმუმ ერთ ადამიანს მხარდამჭერად, ვისაც რთულ სიტუაციაში დახმარების მიზნით მიმართავს. ყურადღებას მაინც ამ საკითხზე გავამახვილებ – რომ მშობელი მაქსიმალურად ღია უნდა იყოს მოზარდისთვის და ეს პირდაპირ განაპირობებს მოზარდის ღიაობას, მიმღებლობას. კითხვა, რომელიც აქტუალური უნდა იყოს: რატომ არჩევს მოზარდი ონლაინ-რეჟიმში ცხოვრებას? ამ კითხვაზე პასუხი დაგვეხმარება მოსალოდნელი სირთულეების დაძლევაში.