თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინტენსიურმა თოვამ ზვავსაშიშროება გამოიწვია, გზებზე აკრძალვები კვირას, საღამოს სწორედ ამის გამო დაწესდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.