პოლოლიკაშვილი: რეფორმებმა საქართველო ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი გახადა

Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ტურიზმის სფეროში, განაცხადა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის 39-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR 2019-ზე.

პოლოლიკაშვილმა და ესპანეთის მეფემ მადრიდის ტურისტული გამოფენა გახსნეს >>

ყოველწლიურ გამოფენაში, რომელიც 23-27 იანვარს მიმდინარეობს, საქართველოდან 14 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. გამოფენის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის სამუშაო ვიზიტი ესპანეთში დაემთხვა.

აჭარას 2018 წელს უცხოელთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

„საქართველოს პოზიციონირება ადასტურებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ამ სფეროში, მას შემდეგ რაც განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ტურიზმის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის გახსნას დაემთხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესპანეთში, რა დროსაც მას ექნება შეხვედრები, მათ შორის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

როგორც წესი, მადრიდის საერთაშორისო გამოფენას ესპანეთის მეფე ხსნის. გამონაკლისი არ გამხდარა არც წლევანდელი გახსნა, რომელშიც მონაწილეობა ესპანეთის მოქმედმა მონარქმა ფელიპე VI მიიღო.

„ჩემთვის იყო დიდი პატივი, რომ მომეცა საშუალება გადამეცა ესპანეთის მეფისთვის გაეროს სახელით ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო ტურიზმის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. იგი ძალიან კარგად უძღვება ტურიზმის სფეროს, ყოველ წელს უშუალოდ ხსნის ამ გამოფენას, მისი ღვაწლი არის ძალიან დიდი ტურიზმის სფეროს განვითარებაში“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

Vogue, Forbes და National Geographic მკითხველს საქართველოს აცნობენ >>

მადრიდის საერთაშორისო გამოფენა FITUR - მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის პროფესიონალთა შეხვედრის ადგილია. ეს შესანიშნავი მოედანია კომერციული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გასაფორმებლად. ღონისძიების სტუმრებს დაუვიწყარი დასვენებისთვის სასურველი ტურისტული მიმართულების შერჩევა შეუძლიათ.

„ადამიანობის რწმენა დაგვიბრუნეს" – რით გააკვირვა საქართველოს პოლიციამ ამერიკელი გოგონა

ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის სექტემბერში ერთხმად აირჩიეს.

რაც შეეხება ზალკალიანს, ის ესპანეთს 25 იანვარს ეწვია. მან უკვე გამართა შეხვედრები ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან და არგენტინას ტურიზმის მინისტრ გუსტავო სანტოსთან. ზალკალიანის ვიზიტი ესპანეთში 29 იანვრამდე გაგრძელდება.

ტურიზმი საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. წლიდან წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2018 წელს ტურიზმის სფეროში ახალი რეკორდი დამყარდა. ქვეყანაში 8,6 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, რაც 2017 წლის მონაცემებს 9,8%-ით აღემატება.